10/31/12

ვერდასათმობი ცისა და მიწისა





კვლავ   ჩემს   ბილიკს   მივდევ  და
ჩემს   წყალ-ჭანჭრობს   მივტოპავ ...
ეშველება   ყველაფერს,
ღმერთმა   თუ  ქნა   მშვიდობა ...

ღმერთმა   თუ  ქნა   შენდობა,
დანდობა   და   მინდობა,

მოვესწრებით   მირიად
ვარდობას   და   შინდობას ...

თუ   ეშმამ   და   მოშურნემ
სულიც   არ   დაგვითოფა ...
თუ   კაცობად   არ  ითქვა
ლაჩრობა   და  ფლიდობა ...
თუ   წყალს  არ  გავატანეთ
ჩვენი   ავლადიდება ...

დღემდე   ვერდასათმობი
ან   ხვალ   ვით   დაითმობა
 -  ამ  ღვთისწილხვედრ   მიწაზე
 ჯიშის   ჩვენის   მკვიდრობა,
სადაც   ვაზის   სურნელით 
სული   ოდით   ითრობა !..

თუ   ღმერთი   არ  გაწყრა  და
მთლად   არ   დაგვემშვიდობა,
ჩვენს   წყლულთ   კვლავ   ის  უწამლებს
-   მირონით   და  მზით   მობანს ...

მივნდობილვარ   ღვთის   ტაძარს,
ვით   მხსნელ   ნოეს  კიდობანს ...
-   ამ   ცასა   და  ამ  მიწას,
ღმერთო,   მოეც   მშვიდობა !!!

თუთარჩელა ღამისა




/მხატვარი: რეზო კაიშაური/




შენთან შეყრის წამს 
მიახლოვებდა

დრო...

და ამაზე ფიქრით
კვლავ მთვრალი

მაინც ვნანობდი

სიმარტოვესთან

გაყრას -
გართული
კვლავ ცის
თვალთვალით....
თუ მეღირსება
( ერთიც ... )
იმგვარი
ღამე ,
როგორიც
ვიხილე მაშინ ?!.
- ზენიტს უტევდა
მთვარე
( პირმრგვალი ),
შეჭრილი
( ჯიქურ )
ღრუბლების
ზღვაში ...
ან ცას თუ ვნახავ
ისე მოვერცხლილს,
ან ღრუბლებს -
ვერცხლისწყალში
განბანილს ?!.
და ვისაც ამ ცის
მზერაც მაოცებს
და ამ ვარსკვლავთა
თვალთა ნაბვანიც ,
ბარემ -
წაკითხვის
ნიჭიც მომეცი
ამ ( იდუმალი )
წიგნის ანბანის !..

9/26/11

ზამთრისპირული





(მინიპოემა)

… შორით-შორს

ერთურთს  ხმობდნენ

გულები  ჩვენი…

რთავდა  აპრილი  კორდებს
სამოსით  ჭრელით…

იმ  დღის  იმ  სიმსუბუქეს,
ზღაპარს  რომ  ჰგავდა,
ვინ  გაიხსენებს  უკვე
მე  და  შენს  გარდა?!.

იასამნებით  სავსე
რომ  გვხმობდა  ბაღი,
გამქარვებელი  წამსვე
ღამისგან  დაღლის,

იავარქმნილა
უნდოდ
თარეშით  ქართა…
გულსაც  არცრა  სურს  უკვე
სიწყნარის  გარდა…

ჩიტხატულების  ჟივჟივს
რა  ხიბლი ახლდა!..
და  ჩვენც  -  წყურვილს  და  შიმშილს
ვტოვებდით  სახტად…

ჭირხლში  ჭიკჭიკი  ჩიტებს
არ  ძალუძთ  რადგან,
არც  ვინმე  გვიხმობს  კიდეც
სიცივის  გარდა…

როგორ  გვათრობდა  დილა
სურნელით  ვაზის…
ისე  არც  როსმე  შლილა
ყვავილიც  ნაზი…

დილის  მზეც  -
სულში  შუქის
ვარდებს  რომ  რგავდა,
უკვე  ვერაფერს  მჩუქნის
მოწყენის  გარდა…

ვარდებთან  შენი  მორცხვად
კალთების  კეცვა…
კაბად  კი  თითქოს  უცხო
ლაჟვარდი  გეცვა…

იმ  სურათს, 
იმ  ხელთუქმნელს
ჩინწამგვრელს  თვალთა,
სადღა  ვიხილავ  უკვე
სიზმრების  გარდა…

შენს  ბავშვურ  მზერას  როცა
სინაზე  რთავდა,
რარიგ  მწყუროდა  კოცნა
სალოცავ  თვალთა,

გული  ასე  რომ  ბუგეს…
ხსნაც  რომ  არ  ჩანდა…
იმ  გულს  ვინ  მოჰგვრის  ნუგეშს,
ჩამქრალს  და  ჩამდნარს?!.

მორცხვად  მიმხელდი  ნატვრას
ღიმილის  ჩენით…
ვის  რად  შეშურდა  ართვალს
ოცნებაც ჩვენი?!.

ცრემლით  ცეცხლჩამქრალ  გუგებს
ვაგებებ  ზამთარს…
და  არც  რას  ვნატრობ  უკვე
სიმშვიდის  გარდა…

ჩიტმა  სიცოცხლის
ადრე
დაკეცა  ფრთები…
გულს  არ  უტოკებს  ვარდებს
ბულბულიც  ყეფით…

გულიც,  ვერვინ  რომ  უგებს
ზღვა  ტკივილს,  ზღვა  დარდს,
არც  რამეს  ნანობს  უკვე
სიცოცხლის  გარდა…

მჭკნარი  ფოთლების  ფარჩას
რთვილი  რთავს  თეთრი…
რამდენი  რამე  დამრჩა 
უთქმელი  შენთვის…

შენს  გულს
ჩემს  გულზე  უკეთ
ვინ  ეტყვის  მართალს?!.
მაგრამ  რა  ძალუძს  უკვე
დუმილის  გარდა…

გაჰქრა,  წავიდა,  მორჩა
ზმანებაც  ტკბილი…
ვერ  იყვავილა
ნორჩმა
ყვავილმა  დილის…

ქარი  გაწეწილ  ნისლებს
რტოებში  ხლართავს…
ქვითინსაც  არცვინ  ისმენს
სიჩუმის  გარდა…

ეს  შემოდგომაც  ჩაჭკნა…
ჩამთავრდა  ჭკნობა…
დაუღვინებელ  მაჭრად
დარჩა  ის  გრძნობა…

იავარქმნილა  ბედის
მოწყალე  კალთა…
რა  დამრჩენია  მეტი  -
დათმენის  გარდა…

ცხრა  სიხარულმაც  უკვე
გარდავლო  ცხრა  მთა…
გავცქერ  უკაცურ  შუკებს
და  ვუცდი  ზამთარს…

რომელ  მზის  შუქით  გავთბე
დასავლის  კართან?..
აღარც  ვინ  მიცდის  სადმე
სიცივის  გარდა…

მას,
რაც  თავიდან  უკვე
არ  დაიწყება,
ხსოვნის  საკმეველს  უკმევს
არდავიწყება…

როცა  ეშვება  მწუხრიც  -
წყვდიადის  ფარდა  -
რას  მოვუყარო  მუხლი,
იმ  ხსოვნის  გარდა?..

თვალს  ეფარება  რიდედ
ბურუსი  ზამთრის…
რა  ზღვა  სინანულს  იტევს
ცრემლები  სანთლის?!.

მოაქვთ  თმაგაშლილ  ღრუბლებს
ქვითინი  ქართა…
გულს  საკინძს  ვინ  შეუბნევს
სიკვდილის  გარდა?!.

გავცქერ  სიცოცხლის  ნაზვრევს    -
ნაოხარს  წლების…
ცივ  -
სიმარტობის  ნარზე
მარტოკა  ვწვები…

ხელს  უსურვილოდ  ვუქნევ
შუქს  -  შორით  გამკრთალს…
კარს  ღამეც  მოდგა  უკვე  -
დეკემბრის  გარდა…

4/11/11

დიდშაბათდილის არმაღანი მეუფე თადეოზს



ერს გამჩენად და გადამრჩენად ეგულვის ვინ ცად,
-  უშრეტელ ძალსაც  ის უკურთხებს ჟამს  მტერთან  შებმის !..
ის გაუბრწყინებს კვლავ აღდგომის ცისკარსაც ცინცხალს,
როს ზეაღმოსვლას წინაპართა ლამობენ ძვლებიც!..

ერს  -  გაჩენითგან დიდსანატრელს რომ ელის იმ წამს,
მკვდრეთით აღმდგარი მზე იბერთა  -  სამების ნებით!..  –
ღვთისმშობლის წილხვედრს გადმოხედავს როს მადლით მიწას
და წმინდა კვართიც შეირხევა სამარხში შვებით!.. -

არცროს მოაკლდეს ლოცვა შენი, მას, ძილშიც მღვიძარს,
ერს  -  დიდმოწამეს,  მშფოთვარე რომ ემრავლა წლები!..
და მაინც კვლავ რომ რწმენით ასცქერს ცას  -  ნათელმიმცხრალს,
კვლავაც ერთგული მაცხოვრის ჯვრის და უფლის მცნების!..

აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა,
ღვთივ  -  კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
                             
                              დიდი შაბათი,  2009  ქ.შ.

3/7/11

საგაზაფხულო მონატრებისა




ცხენისწყალსგაღმა
იღვიძებენ  როდესაც  მსხლები
როცა  ტყემლები  ირთვებიან
პატარძლებივით,
ვის  რად  სჭირდება,
ნეტავ,  ამ  დროს
ამხელა  მსხვერპლი,
-  ამ  დროს  ქალაქში,
გულო  ჩემო, რა  გვაძლებინებს?!.

ის  დროა  ახლა  -
იქ,  ეზოში,  ხეხილსა  ვრგავდეთ,
ვაზს  ვსხლავდეთ  უნდა,
-  გაიღვიძებს  დღე-დღეზე  ვაზი...
იტირებს  მერე,
მიყუჩებულს  აგვიშლის  დარდებს...
ჩამოჰყრის  ცრემლებს,
ზეაიწევს  მზე  როცა  ცაზე...

შუშისთვალება  მოლოდინიც
ბებერი  ოდის,
აქედანვე  ვგრძნობ  -
მოუთმენლად  გზას  როგორ  გაჰმზერს...

მზის  შესახვედრად
გაზაფხული  როდესაც  მოდის,
ამ  დროს  ქალაქში,
გულო  ჩემო,
რა  გვაძლებინებს?!.
როცა  მარტვილი
მზით  განბანილს
გასცქერის  ოდიშს
და  სანახები
ირთვებიან  პატარძლებივით...

1972 წ.

2/20/11

მარტვილის დათოვლილი ჯვრისა








არც  იანვრის,
                          არც  თებერვლის,
                                                              აღარც  მარტის
არ  ჰგავს  თოვას  -
                                  ისე  ათოვს
                                                          ახლა  მარტვილს!..
არც  ჩხრიალი  ისმის  ვერცხლის  -
                                                                ოცდაათის...
თოვს  შრიალით...
                                  თოვს  ნარნარით...
                                                                      თოვს  ტაატით...


არც  იანვრის,
                          არც  თებერვლის,
                                                            აღარც  მარტის
დღისას  არ  ჰგავს
                                    არც  ეს  ცა  და
                                                                ეს  ამინდი...
ცად  რომ  ნათობს
                                  და  თავს  ადგას
                                                                    სვეტი  ნათლის  -
მაღალ  გუმბათს
                                ზეავხედო  -
                                                        ვბედავ  რიდით...


დათოვლილი
                            ჯვარი
                                          ისე  ადგას  მარტვილს,
ვით  ყოველი  ბოროტების
                                                  მეხამრიდი!!!