1/23/11

აპრილის თოვლის ბალადა




ღიმი  შვენოდა  შენს  ბავშვურ  ბაგეს,
ვით  მზე  - 
კოლხური  აპრილის  ცისკარს...
შენი  თვალების 
დაცვარულ  სარკეს
ცა 
ცისკრის 
ციაგს 
აცრიდა 
ცინცხალს...

მზეც  შენებრ  ვეღარ  მალავდა  ღიმილს
და  ვეღარც  ღრუბელს  ითმენდა  ცაზე...
და  ჩვენც  მოწმენი  ვიყავით  იმის,
რაც  იშვიათად  მოხდება  ძალზე...

-  შორს,
მოვარდისფროდ  დათოვლილ  მთებში,
თვლემდა  ზამთარი  - 
მოხუცი  წყნარი...
აქ  კი  - 
სულ  ახლოს ,
დეკემბრის  თვეში  -
ბაღში  ბებერი  ჰყვაოდა  მსხალი!..

მთელი  ზამთარი
მსხლის  ყველა  ტოტი
მზეზე  აფენდა  ყვავილებს  ზრუნვით...
შენ  კი  გაცრეცილ  რვეულსა  მთხოვდი  -
ხატავდი  ზამთარს
( თუ  ზამთრის  სურვილს...)...

ახლა  იმ  რვეულს  მარტოკა  ვფურცლავ  -
ვათვალიერებ  იისფერ  ,, ზამთარს’’...
და  თვალებს  სწყდება 
ორიოდ  კურცხლად,
რაც  მაშინ  ისე  ბავშვურად  მწამდა...

მზე  დაიფრენდა  ტრედივით  ნისლებს,
უძინარ  ქარს  და  მის  ბებრულ  ქირქილს...
და  მსხალიც  ნაზად  ჰყვაოდა,  ისე,
რომ  ანათებდა  ყველაფერს  ირგვლივ...

ახლაღა  ვხვდები  - 
ხმაშიც  და  ფერშიც
რა  სევდაც  ახლდა  იმ  დღეთა  ხალისს...
-  ჩემი  ბავშვობის 
დეკემბრის  თვეში
უკანასკნელად  ჰყვაოდა  მსხალი!..

მთელი  ზამთარი  მალავდა  მსხალი
გედის  სიმღერის  იდუმალ  სევდას...
შორს  კი  -
ვარდისფერ  მთებს  შორის
წყნარი
და  მოთენთილი  მოხუცი  თვლემდა...

და  მოყვავილე  რტოებზე
დილით
როგორც  სიზმარი  -
ქრებოდა  თრთვილი...

მაგრამ...
აპრილის  ღამით  მოდენილს
მზე  ღრუბლებს  ვეღარ  დაუხვდა  ლაღად...
მაგრამ  იმ  თოვლზე  მოულოდნელი
მოჰქონდათ  თურმე  მათ  კიდევ  რაღაც...

შენ  არ  გამოჩნდი  დიდხანს  მას  შემდეგ...
,,  -  უეცარ  თოვლის  ბრალია  ალბათ...’’
ქარი  ჭრელ  ფიფქებს  ათამაშებდა
და  ატმის  რტოებს  ძარცვავდა  ხარბად...


მერე  კი...
მაინც  რა  მოხდა  მერე?!.
შენ  არას  ამბობ...
მეც  ვერას  ვხვდები...

ადრე  იძალა  წელს  დეკემბერმა
და  ღრუბლებსგაღმა  გალალა  მთები...

ვიხსენებ  ახლა,
ვით  ლამაზ  სიზმარს,
ყვავილს  - 
შენს  ბავშვურ  ბაგეზე  გაშლილს...
და  მსხალს,
რომელიც  მღერალ  გედისფრად
მთელი  ზამთარი  ჰყვაოდა  მაშინ...

ვფურცლავ  
მოცისფრო,
გაცრეცილ 
ფურცლებს
და  ყველა  ნამდვილ  ზამთარზე  ნამდვილს
შენს  გულუბრყვილო  ნახატებს  ვუმზერ:
მელნისფერ  ხედებს
მელნისფერ  ზამთრის...

1966

No comments: