სონეტები






ორი ახალი სონეტი
წიგნიდან  ,,თავისუფალი  სონეტები”
1.  სხვა  თოკებისა


თოკები  და  ჯაჭვები  ძლიერ  მძულდა  ყოველთვის...
და  რომ  ვერც  შევიყვარებ,  რაღა  ფიცი  სჭირდება...
მუდამ  ვიბოჭებოდი  მათთან  სიახლოვითაც,
თითქოსდა  გაკოჭილი  ჯალათს  ვეჭიდებოდი...

ახლა  შუაღამეა...  მეტი,  ანდა  ნაკლებიც...
ვზივარ  სახლში,  დიდფანჯრებმოღებულში  ყურთამდის
და  ფანჯრების  მინებზე  კი  ძლივას  ირეკლება
სიბნელე  ნაწვიმარ  ცის,  ლანდივით  რომ  სულ  თან  მდევს...

ჩქამსაც  -  ამ  სიწყნარეში!..  -  გადავცემ  ანათემას...
ასეთ  ღამეს  -  სალამი  ჩემი,  უმხურვალესი!..
თბილი  შუქი  ნათურის  სულ  სხვა  თოკებს  ანათებს
-  ჩემი  ხელით  გაჭიმულს  ფანჯრების  წინ  ხალისით,
ზედ  რომ  ამოდ  ხასხასებს,  ვით  უფლის  ამანათი  -
ჩემი  შვილიშვილების  გასაშრობი  სამოსი!..

1.  7.  2009  წ...
05  სთ...



2.  დიდობაშიც  გამოყოლილი
    ბავშვობის  სიზმრისა



... გული  გამალებით  მიცემს
(ბავშვობის  სიზმრებში  ვარ  ასე!..)
-  დედის  წინ  მოკუნტრუშე  კვიცებს
ამუა  ელოდება  გზაზე
სიზმარში...
და  ვიღვიძებ  მყისვე...
ერთხანს  ვერ  ვალაგებ  აზრებს...
მერე  კი  ვურეკავ  ისევ
ბიჭებს,  ნაბახუსევ  ხმაზე...

კვლავ  ვიკვლევთ  ჭირთა  ჩვენთა  მიზეზს
(,,სტაქნებს''  ვახტანგურად  ვავსებთ...)...

სისხლი  გიენებმა  გვისვეს...
გული  -  ყვანჩალებმა  კაწრეს...
-  თუ  არ  გამოვკეთდით,  ისე
როგორღა  ,,დავეჭყანოთ''  მასებს?!.

1.  7.  2009  წ.
11.30  სთ.



3  სონეტი  ლაშა გახარიას


ლაშა გახარია



1.  ხეტიალში ღამისთევისა

   ( ის  ღამე  ლაშას  მონახულების  შემდეგ
    თავად  ავადმყოფმა  ხეტიალში  გავათენე...
    ლაშა  მალე  გარდაიცვალა...)




დედის დახუჭულ თვალებს ვადარებ
ცას და სიკვდილის ვცდილიბ დაფრთხობას...
ჯიბით სნეული ძმის წიგნს ვატარებ,
ზიარი ძმისგან გუშინ ნათხოვარს...

არ ვიცი კიდევ რას მიხიმანდრებს
ბედი და შემყრის კიდევ რა ღამეს...
ან ვარსკვლავების შუქმწირ სინათლეს
თვალები ჩემი კვლავ თუ ნახავენ...

ჯერ კი  -  ვიდრემდის გასცლიათ ღდინი,
გასენილ ფეხებს მივაჩლახუნებ...…
სუსხი და ნისლი დეკემბრის დილის
გულში კიდევ ერთ იმედს ახუნებს...
და გული ჯიბით სატარებ ტკივილს
ძმის საფლავივით უხმოდ ჩავყურებ...


2.  ბოლოლა  იმედისა...


კიბეებზე  ასვლა  თუ  გაუჭირდა,
ლ ა ლ ე დ ა ა,  ძმებო,  საქმე  იმ  გულის...
სნეული  ძმა  ვინახულე  გუშინ  და
სულიც  დამრჩა  თითქოს  გამოშიგნული...


,,ვინა  თქვა,  რომ  ცხოვრების  გზა  დიდია?!.”
-  ეს  სიმღერა  მეც  მიყვარდა  ოდითგან...
მაგრმ  ვხედავ,  დღითიდღე  ვით  მიდიან
ძმანი  ჩემნი...  და  სული  ვერ  მომითქვამს...


ორ  პარასკევს  გავცქერ  ორი  ცრემლიდან
(ღმერთმა  ისიც  თუკი  გამოიმეტა!..)...
მწამს,  იქ  ნაღდი  დამხვდებიან  ძმები  და
ესღა  ათბობს  გულს  ბოლოლა  იმედად...


მეგზურად  კი  -  ჩვენს  ძმა  ბახუსს  მივმართავ,
მშვიდობით  რომ  მიმაცილოს  იმათთან...



3.    წამიერი  განშორებისა
            ლაშას  დაკრძალვის  საღამოს,
            მის  საფლავზე  წაკითხული


... გასრულდა  ეს  დღეც,  ძაძებმოსილი...
ერთი  ბილიკიც  -  ყოფის,  ტკბილმწარის...
გაფითრებული  ანგელოზივით
მკრთალია  მთვარე  -  ცის  ჭერს  მიმცხრალი...


შენც  ბევრჯერ,,  ჩემებრ,  მწამს,  გიფიქრია,
გული  როს  ჭირთა  გექცა  სამიზნედ,
რომ  -  დრო  კი  არა,  ეს  ჩვენ  მივქრივართ
შესართავიდან  შესართავისკენ...


და  ვტოვებთ  -  ციდა,  ცრემლით  მოფენი;ლ
კვალს  -  ჟამის  გოჯით  რომ  იზომება...
ვით  დათვლის  ტკივილს, ჭკუათმყოფელი,
თმებში  ჩარჩენილს  ვერცხლის  ზოლებადს?!.

-  ისე  მოკლეა  წუთისოფელი,
წამიერია  ეს  განშორებაც!..




მიწყივ ( ტკბილმწარე ) წამებისთვის განწირულისა





სიყვარულისგან 
თუმც  ვეღარც  მე 
ამცდა    წამება,
მის  სამეფოში 
ბედმა  ( ერთხანს ) 
მეც  ხომ  მამეფა?!.

იმდროინდელნი
თუმც
ნაჭრევნი 
გულს 
დღემდეც  მოჰყვნენ,
მთლად  ბედნიერი 
( მისგან  )  -
ვერც  სხვა  ვიხილე 
( მოყმე )...

იმ  სამეფოში
ბრძენიც  ( ბევრი )  
ვნახე  უგნურად,
-  ქცეული  მონად 
( ყურმოჭრილად ) 
სიშმაგის  მეტის...
სხვათა  ბრძნობასაც 
( სხვათა  ომში )
ბევრჯერ  ვუყურე,
ვნახე  ყბედობაც - 
სიტყვაძვირთა, 
მუნჯადქმნაც  -  
ყბედის...
( ბარეორივით )
რომც  გადავყვე 
მეც  ამ  უკურნელ
სენს  - 
მადლობელი  წავალ 
( მაინც )
ალალი  ხვედრის,

რომ  მათქმევინებს
უეჭველად
( დღეს  თუ  ხვალ ),
ვიცი
( ისევ  და  ისევ )  -
სიყვარულზე 
სიმღერას  გედის...
რადგანაც 
( ჯერაც ) 
ვერც  სიტკბოს  ვთმობ 
ცოდვილი  მიწის,
ვერც  ჟინს  ვიოკებ 
ცისკენ  ლტოლვის 
და  მასთან  შერთვის...

თუმც  ორივეგან 
( არაერთგზის )
გზები  ამებნა...
და  ორთავ  გზაზეც 
კვლავ  ( ტკბილმწარეს...)
ველი  წამებას...