4/11/11

დიდშაბათდილის არმაღანი მეუფე თადეოზს



ერს გამჩენად და გადამრჩენად ეგულვის ვინ ცად,
-  უშრეტელ ძალსაც  ის უკურთხებს ჟამს  მტერთან  შებმის !..
ის გაუბრწყინებს კვლავ აღდგომის ცისკარსაც ცინცხალს,
როს ზეაღმოსვლას წინაპართა ლამობენ ძვლებიც!..

ერს  -  გაჩენითგან დიდსანატრელს რომ ელის იმ წამს,
მკვდრეთით აღმდგარი მზე იბერთა  -  სამების ნებით!..  –
ღვთისმშობლის წილხვედრს გადმოხედავს როს მადლით მიწას
და წმინდა კვართიც შეირხევა სამარხში შვებით!.. -

არცროს მოაკლდეს ლოცვა შენი, მას, ძილშიც მღვიძარს,
ერს  -  დიდმოწამეს,  მშფოთვარე რომ ემრავლა წლები!..
და მაინც კვლავ რომ რწმენით ასცქერს ცას  -  ნათელმიმცხრალს,
კვლავაც ერთგული მაცხოვრის ჯვრის და უფლის მცნების!..

აპრილის წვიმა ძელიცხოველს ანედლებს როცა,
ღვთივ  -  კვირტნი რწმენის აუყვავოს ერს შენმა ლოცვამ!!!
                             
                              დიდი შაბათი,  2009  ქ.შ.

No comments: