პოემა


პირველი და დაგვიანებული, 
მაგრამ დროული გასაუბრება ვაჟა-ფშაველას ღვთივკურთხეულ სულთან

მისალმების  მაგიერ

დღემდის  ვერ  გითხარ  ლექსადა,
გულს  თქმა  რისიც  რო  ეწადა...
ანთუ  იმასა  ვცდილობდი,  
რომ  სიბერემდის  მეცადა...

ჩემ  იყავ,  ჩემში  ცოცხლობდი
რაც  თავი  მახსოვს  კაცადა,
ამადაც  არცრას  ვჩქარობდი,  
სიჩქარე  არც  მაქვს  წესადა,
ჯერ  ჩემ  თავს  
ღირსად  არ  ვთვლიდი,
შენთან  უბნობა  მეცადა.
მაგრამ  უტია  ცხოვრემამ
ისე,  გულ  ამომეწვა  და,
ვეღარ  ვუმზირე  ამდენი
ჩვენთა  ყანათ  ავად  მლეწავთა...
გულს  ეზედმეტა  ვარამი,
მეც  მიმომკეცა  ლერწმადა,
თავი  რო  ვაჟკაც  მეგონა,
ძაბუნად  დავრჩი,  შემცბრადა...
იმის  ნაძველად  დამაგდო,  
რაც  სიამაყით  მცეცხლავდა,
წამგვარა,  რაც  რამ  მებადა 
და  მიჩნდა  ოქრო-ვერცხლადა
და  სიჩაუქით  გულსავსეს
სალმობად  გამომეცხადა...

აწ-უკვე  ვინ  ვარ,  რა  ვარ  და
რის  ძალი  შემწევს  მაშვრალსა
თავად  არ  ვუწყი,  სხვა  კიდევ
გზას  დამაყენებს  რა  მშრალსა...

მოგიითხავდი,  სულმნათო,
შენი  ბადიში  ბარელი,
ოღონდ  რა  გქონდეს  იქ  მაინც
სულ-გულის  გასახარელი...
ვფიქრობ  სულ  სულს  გისერავს
მამულის  სიმწუხარენი.
ბევრნი  ჩაწექით  საფლავში,
ვინც  ვერცროს  გაიხარენით...

ამადაც  მიკითხვ-მოკითხვას
სხვა  რამ  ვარჩიე  ამჯერად,
ჩვენს  ახლო  ამბებს  გაუწყებ,
გულმართლად  და  დასაჯერად,
გამიჭირდება  თუმც  ვიცი
ამაზე  ფიქრი  და  წერა,
მაინც  ვცდი,  თუ  არ  გამოვა
ქორს  წაუღია  და  ძერას!.

მაგრა  მარტოდენ  ჩივილით
არ  აგეშლება  დარდები...
კეთილის  მაცნე  გამოჩნდა
რამ  სხივის  გამომნათები...
მან  მომცა  ბიძგიც  და  ძალით
კალამს  ჩამევლო  თათები,
შენც  გაიხარებ  ქვემორე
ერში  იმედის  ანთებით!..

1...

გული  დამღლია,  ვაჟაო,
სულს  მოსჭარბვიან  ცოდვანი...
ორგულნი  მომრავლებულან,
კეთილნ  დამრჩალან  ცოტანი,
ყორანნი  მოგვძალებიან
დაჭრილ  არწივის  მკორტნავნი...
მაცხოვრის  თითის  მკვნეტავნი,
ღვთის  სახლის  კედელთ  მკოდავნი...
მიკვირს  კიდეც  რომ  ძალ  შემრჩა,
როცა  მკვდარს  ვგავარ  მოკვდავი..

მამულს  გავხედავ  ბინდიდან,  
თვალებზე  რომ  მომრევია...
რასაც  შენ  როდის  ნატრობდი,
კვლავ  სანატრელად  გვქცევია...
აჩხავლებულნან  ჭილყვავნი,  
ჩვენს  მამულს  მთლად  დარევიან,  
რაც  ნაჭერ  დაგვრჩა  მიწისა,
თავისად  მიუჩნევიათ...
ზოგ  სყიდვით,  ზოგიც  ჩუქებით  ,  
კიდევაც  გადუქცევიათ,  
უცხონი  შემოთესლილან, 
ჩვენები  გაუქცევიათ...
აქ  მიატოვეს  სახლკარი,
სხვათ  მონად  გადუქცევიათ..

მომრავლებულან  მუმლივით
თესლნი  უცხოთა,  ავფერნი...
ნახეს  რა  სისხლგამოცლილი
ქვეყანა,  სულის  მღაფველი,  
ყველას  გახსნიათ  მგლის  მადა,  
მუქთ  ლუკმის  გადამყლაპველის...
მოძოვეს  ჩვენი  მინდორი,  
გაკაფეს  გასაკაფველი...
არც  ტყეს  ინდობენ,  არც  ყანას,  
არც  ღვთის  ხლის  სწამთ  სახელი...
გულ  გაგისკდების,  მგოსანო,  
რო  გახდე  ამის  მნახველი...

მიწაც  ქცეულა  სისხლისფრად,
როგორც  რო  მწიფე ძახველი...
გახარებული  ხორხოცობს
ჩვენი  სიავის  მძრახველი...
ბილწად  უბნობენ  თავხედნი,
ათას  სიბრიყვის  მჩმახველნი,  
ირყვნება  ჩვენი  ბალღობა,
მომავალს  გვიწვრთნის  სხვა  ხელი...
გვიბითურებენ  ქართულსა
ეს  ქრისტეს  კვართის  დამხევნი...
ვხედავ,  ძალაზე  მოდიან,
არ  ჩანან  უკან  დამხევნი...
ქართულს  სწუნობენ  ყველაფერს,
უც  ქვეყნების  მნახველნი,
ჩვენს  კარგსა  გმობენ,  მათ  ბაძვენ,
ვითომ  ჩვენ  თვალთა  ამხელნი,
რომ  ,, გვაზიარონ  კულტურას ‘’
უბირ  მიზანთა  მსახველნი...


წეს-ჩვეულებათ  გვიგმობენ,
გარყვნას  ლამობენ  გამხელით...
აყროლდა  ჩვენი  ჰაერი
მაგათი  ნარწყევ-ნახველით...

ეგენი  ერსა  ,, მართავენ ‘’,
მათ  კიდევ  მართავთ  სხვა  ხელი,
მათგან  ისწავლეს  რამდენი
ძაკვა,  ქაჯობა,  თხრა  ხველის,
ტვინებს  ურეცხენ  დიდ-მცირეს,
დაგვიგეს  ეშმას  მახენი...

სხვის  ენას  ძალით  გვტენიან,
არ  გინდა  -  მზად  აქვთ  სახრენი...
ჩამოამსევეს  რამდენი
მეჯღანე,  პარიკმახერი,  
სხვადასხვა  ფერის  დიაცნი,
თვის  სახლში  არცრის  მსაქმელი,
,, ოსტატად ‘’  უცხოთ  ენისა  -
სხვა  არა  გაქვთო  საშველი...

მარტო  ეს  იყოს  რა  გვიჭირს,
სხვა  რამეცა  მაქვს  სამხელი...
რაღაცას  ისეთს  შვრებიან  
ეს  მოწოდებით  გამრყვნელნი,
ბალღებს  სიბილწეს  აჩვევენ,
მრცხვენია  ამის  გამხელის,  
მაგრამ  რომ  არ  ვთქვა
ვით  ვმალო,
ეს  სააუგო  სათქმელი...

რაღაც  ხელნაკეთ  ფალოსებს
თვით  მიჩვეულნი  იმთავით,
ჩვენს  ქალვაჟემსაც  აჩვევენ,
არცვინ  ჩანს  თან  განმკითხავი...
ახლა  შენც  ხვდები,  მგოსანო,
ჩვენში  სიბილწე  ვით  ჰყვავის..

საითკენ  მიჰყავთ  ქვეყანა
შინამავნეთა  მძლავრობას,
მათია  ბურთ-მოედანი,
პარლამენტი  და  მთავრობა,
გააპარტახა  ქვეყანა 
მათმა  ბრიყვულმა  მძლავრობამ,  
თესავენ  უფროს-უმცროსის
უბრობას  და  უკრძალობას...

აქიდანაც  ჩანს  თვალნათლივ,
არ  უნდა  დიდბრძენმთავრობა.
არც  სხვა  რამ  ჭირი  გვაკლია,
გვიყელა  ჭირთამრავლობამ,
გაჭირდა  თავაწეულად  
წუთისოფელში  მგზავრობა....

მომრავლდნენ  მომსვლელ-წამსვლელნი
ვითომდაც  ქვეყნის  მმართავნი,  
კოჭზევ  რომ  ვატყობ,  რომ  ჩანან
სიკეთის  არდამმართავნი...
ათასი  ჯურის  ცხრაუცხო,
უცხო  რამ  ნასკვთა  მკვალთავნი...
გადაგვარებას  ქვეყნისას
ერთად  თათბირობს  ცხრა  თავი,
ზნე  და  ტვინ  გამრუდებული,
გონებაგაურანდავი...

ქართული  სიბრძნის  მწუნარნი
უცხოს  გვახვევენ  სირეგვნეს,
ისიც  არ  მოსდით  ჭკვაშია,
საყდარნი  ზართ  რომ  გვირეკვენ...
არ  უდგას  ჩვენს  ჯიშრჯულობას
კარგი  დღე  მათგან,  ვინც  გვექმნენ
ამ  ქვეყნის  საჭეთმპყრობლებად,
რაც  გვაქვს,  მასაც  მასაც  გვილეკენ...

მოვლა-განვრცობის  სანაცვლოდ,
სყიდვას  უხშირეს  მიწათა...
გლეხს  ვერ  მოუხნავს  სახნავი,
სოფელს  სვე  გაუპირძაღლდა...
ფასი  დაკარგა  შრომამა
ქართველი  რითაც  ლხინს  ძრავდა,
ხეს  ვერ  მოუსხამს  ნაყოფი,
ვაზი  არ  ფასობს  ქინძადა,
მის  მოვლას  გადაყოლილი
მეზვრე  კი  გვყავის  ფხიზლადა,
მაგრამ  არაფერ  გამოსდის
საქმე  აქ  გასახიზნადა  -
ვერ  გაუყიდავ  ყურძენი
ქარვისა  მჯობი  -  წიპწადაც.

უსაქმურობამ  დაღალა
ვაჟკაცნი,  შრომის  მსურველნი,
გარჯაში  დაუღალავნი,
ჭირ-ლხინში  დაუურველნი.
ურგებად  შერჩათ  მხარმკლავნი,
დღეღამ  ჯალაბზე  მზრუნველნი...
ჟამნი  მობრუნდა  შიმშილის,
სულის  და  გულის  მჭმუნველნი...
გარყვნის,  დამცრობის,  დასმენის,
და  ჩაგვრის  კაცთდამთრგუნველის..
ჯერ  სული  გვიდგას  წვალებით,
ხვალზეგ  უარესს  მუნ  ველი...

2...


ოცი  წლის  წინა  ძმათაკვლამ
ამ  დროს  დაუდო  სათავე...
ცით  ღმერთი  გაწყრა, 
ძირს  ბედი,
უღვთობამ  იგდო  სადავე...
მამა,  ძე,  სულიწმიდაი
ერთად  განგვიდგა  სამთავე...
ღვთისნიერთ  ჭიტლაყ  ამაჰკრეს,
ერს  უღმერთონი  მართავენ...
სყიდიან  არგასასყიდველს,
ზედ  ტაშფანდურებს  მართავენ...
ბრიყვულად  ხარჯვენ  ხალხის  ფულს,
გლახაკთ  ხელს  არ  უმართავენ...
გარბიან  ერისშვილები,
საშველად  სხვებს  მიმართავენ...
გაგვინახევრდა,  ისედაც
მცირე  ჯილაგი,  საკვდავებს...
მტერს  მიაშავეს  მამულის
გული  და  წყალთშესართავი...
ბევრს  კიდევ  შემოგჩივლებდი,
განა  ნებას  არ  დამრთავენ,
თუმც  არ  მსურს  გული  გატკინო,
საქმე  ვითაო  მათთავე...
მაგრამ  არათქმაც  არ  მინდა,
მსურს  შენც  იცოდე  მანდავე...

3...

რაც  რო  დაგვმართეს,  ხვალზეით,
ვგრძნობ,  მეტსაც  რომ  დაგვმართავენ...
ხალხს  ხელფეხი  აქვს  შეკრული,
პირს  -  ამობმული  სადავე...
მომრავლდდნენ  მომსმენ-დამსმენნი,
ამ  საქმით  ხელს  იმართავენ...
რაც  ჟამთასვლაში  ვინახეთ,
მუქთად  ატანენ  ჟამთავე...
წინ  არ  ჩანს  სხივის  ჭიატი,
თვალნი  ხსნას  ვერსად  ლანდავენ...
მივდი-მოვდივართ  გონბრმანი,
ვერ  ვხვდებით,  რომ  ვართ  მანდავე...
ჩვენი  ვერ  გაგვირკვევია,
სხვას  წამოვუწყებთ  რა  დავებს...
ლაყბობენ  მაძღრიშვილები,
პოლიტიკობენ,  გვნათლავენ...
მაინც  რამდენი  გვყოლია
ორპირი,  დიდმოღადავე...
გარეთ  მტერს  თვალს  უბრმავებენ,
შინ  ჩხირზე  ქსელებს  ართავენ...
ემრავლათ  მილიონები,
მიწყივ  წელგაუმართავებს.  
ისწავლეს  უცხოთ  კურსებზე
ეშმას  ხერხები  სამთავე,
ხვეჭის,  გლეჯის  და  შეწერვის
გარშემო  ხაფანგთ  ხლართავენ...
ბევრი  დატოვეს  ქვამშრალზე,
ბევრნი  თვით  ექცნენ  ყმადავე...
ვინც  სამართალი  ითხოვა,
ძვალრბილი  გაუქვათავეს...
ურჩთ  მიუჩინეს  დილეგნი,
ბევრს  იქაც  გვემენ,  ფატრავენ...
ბევრათასეულ  მომჩივანთ
წყლით,  შხამით,  ტყვიით  ფანტავენ...
დაძაბუნებულ  მწირ-მაშვრალთ
დარჩათ,  გადავლონ  ცხრამთავე,
აქ  ხსნას  რომ  ვერსით  ეწივნენ,
იქნებ  იქ  არგონ  რამ  თავებს...
მეც  ბევრსა  ვფიქრობ,  პაპაო,
მეც  ჩემი  დამემართავე,
მაგრამ  ვერაფერს  გამოვრჩი,  
მგზავრი  ვარ  იმავ  გზათავე...
რაც  ყანა  ვთესე  ოცნების,  
ერთიც  ვერ  დავათავთავე...


4...

მიმოასხვისეს  ტყეები,
საზვრეც,  საბაღეც,  საყანეც...
საძოვარ-სათიბ-სავალიც
ფეშქეშო  -  მიუთაყვანეს,
-  თქვენ  ოღონდ  ფული  ყაჭეთო,
ჩვენს    გულგვამს  რაც  ოდენ  ახარებს
სამაგიეროდ  იეფად
მამულს  გძლევთო  ,, საყვარელს...’’
ყურს  ნუ  უგდებთო  წამითაც
ერის  და  ბერის  ყაყანებს...’’
ერიც  გაწირეს,  მამულიც,
არც  შეცბნენ,  არც  დაახანეს,
კვლავ  ასე  ვაჭარ-ჩარჩობენ,
გაუტკბათ  ერთხელ  რახან  ეს...

5...

კაცი  არ  დარჩა,  ვაჟაო,
დაირქვას  კაცი  კაცადი,
გემო  დღეს  როა,  ამ  ყოფის 
არ  ჰქონდეს  გამონაცადი...
ბევრმა  გაუძლო,  ბევრმა  ვერ,
გათცივდა  გამოქანცვამდის,
კვდომა  სალმობა  მომრავლდა,
ერი  გაყვლიფეს  დაცლამდის,
სიმწრით  ნაშოვნი  საქონი
ჩამოუყვანეს  ნაცრამდის,
არც  სახსარ  დარჩათ  წამლობის,
გაკენკილთ  ბოლო  მარცვლამდის...
ბალღებიც  იხოცებიან
ჩვილები,  პირველ  აცრამდის...

იცლება  სოფელ-ქალაქიც,
ერთი  სული  აქვთ  გაცლამდის,
დიაცის  საქმით  პურს  ჭამენ
ვაჟკაცნი,  მრავალნაცადნი...
ზოგან  ძლივს  ბჟუტავს  კერია,
ბევრგან  ქოხს  ბოლი  არც  ადის...
ერიც  ვერ  შევკრბით  ერადა,
დავთითოვდით  და  დავცალდით,
თორემ  ერთ  მუშტად  შეკრულნი,
აქამდე  მთა-კლდეთ  დავძრავდით...
გზათა  შენების  ბუმი  გვაქვს,
არცერთი  მიდის  ტაძრამდის...

6...

ღმერთს  პატიებას  შესთხოვდი,
სანამდე  სიტყვას  დავძრავდი,
ჩვენივ  ბრალია  სუყველა,
თვალებზე  ცრემლი  რაც  დაგვდის...
თავშივე  ფიქრი  უნდოდა
ბოლოს  მიღწევას  საწადლის...
ჩვენ  ჩვენ-ჩვენს  ჭურში  ვიყუჩეთ,
მიტომაც  ერთად  გავწვალდით...
ასეც  დავრჩებით  ბეჩავნი
ჩვენს  ცოდვათაგან  დაცლამდი...
ვინც  ურდოთ  ვერკინებოდით,
ვინც  ქრისტეს  გამო  გავწამდით,
ურწმუნოებით  ნაბილწნი
შინგაზრდილ  მტერთან  დავწყნარდით...
ერსა  გვიმყნობენ  ეშმა,
ხარობენ  მისი  ნაზარდით...

ვერც  დავირჩინეთ  სახელი,
ვერც  სხვას  ვეწიეთ  რამ  წადილს,
ვერც  ჯავრ  ვიყარეთ,  ტიალი,
რო  ვხრავ  შავ  წლიდან  შავ  წლამდი...
დავჯერდი  ბეჩაობასა,
შავ  სიზმარცხადით  გავწამდი...
ცხადში  კი  რაც  მე  მიხილავს,  
შენ  კვირვით  თვალთ  დაპრაწავდი,
მე,  მიჩვეული  ამ  სურათს,
თვალთ  ზედ  ვაშტერებ  დაწვამდი...

მე  ერთ  დროს  ლაღიც,  ამაყიც,
წელგამართულიც,  ნაწვართიც,
ლხინში  რო  ლხენა  ვიცოდი,
ჭირში  რო  მგელს  გავბაწრავდი...
ნადირს  რო  კლდეზე  ვასწრებდი,  
და  ხმალზე  იმის  მწვადს  ვწავდი,
დღეს  მნახო,  შაგებრალები
შიგ  მაგ  დიდ  გულის  კაწვრამდი...
-  ისე  ვარ,  თითქოს  ქოხმახი
თავზე  დაიწვა  ნაცრამდი...
ან  -  მთაზე  მდგარი  ლუხუმი
ჭაობში  ჩამოვბანცალდი...

მთაქედს  გავხედავ,  შევჩივი  -
მთებო,  თქვენ  რად  ვერ  ამწვანდით?!.
ტყენო,  თქვენ  რაღა  მოგსვლიათ,  
რა  ცულით  გკაფეს,  რა  წალდით?!.
სულ  მეწყრად  რად  მოშვავდება,  
ამართულ  იყო  რაც  ცამდი?!.

5...

ღმერთო,  ცოდვილთაც  მოგვხედე,
ამგვარად  ვგვძარცვონ  სადამდის?!.
ჩვენსას  ასე  რად  დახარბდნენ,
ჩვენ  სხვისას  სად  რას  დავხარბდით?!.
დღემდე  რით  ვერ  მოვიხადეთ
სიკვდილის  დარი  სახადი?!.
ვერც  დავიცავით  მამული,
დედის  ხატად  რომ  ვსახავდით?!. 
ვის  თავი  კიტრად  მოგვქონდა,
ბედოვლათებად  დავხვავდით...
გვაჯობა  ეშმაურთ  ხროვამ,
ჩვენ  ხახამშრალნი  დავხანდით...
ვისაც  გვეგონა,  ქვეყნისთვის
ხოდაბუნთ  ფრჩხილით  დავხნავდით...
წელებზე  ფეხს  დავიდგამდით,
თუ  მას  ბეჩავად  ვნახავდით...

რამდენჯერ  მტერს  ვუხანძრივართ,
იმდენჯერ  ახლად  ავყვავდით,
დღეს  კი  ისე  ჩანს,  ამ  პარტახ
მამულს  -  მიტანილს  დახლამდის...
ღვთის  მეტი  თუ  ვინ  უშველის,
გულს  მივუწევდი  ლახვრამდის
ანდა  ჩემს  ღმერთად  ვიტყოდი,
არც  მექნებოდა  სხვა  ხატი...
მინდა  ვიყვირო  ხრინწამდე
გულიდან  ამონახადი:
-  ვინა  ხართ,  რა  რჯულისანი,
კრულ  ვერცხლს  რო  აგრე  დახამდით?!.
უფლის  მსჯავრს  სად  გაექცევით,
რო  მოგდევთ  მაგ  სრა  სახლამდი?!.
სულ  არმად  აგებულამდი,
მოოქრულ  რო  გაქვთ  თაღამდი...
მე  -  შენებრ  ღარიბ-ღატაკი,
გაუხარებლად  დავღამდი...

რაც  მე  ღამეებ  ვათიე
ქვეყნისთვის  აღმით  ჩაღმამდი...
სხვის  საპარპაშოდ  შთენილა,
რაც  სისხლ  გვიღვრია  აქამდი...
ამაზე  ვტირი  გულმკვდარი,
მოკლე  რო  ჩემი  დაღმართი...

მათ  მადლით  ჩვენი  მდინარე
რამდენი  -  საზღვარს  გაღმა  დის...
მიტომ  არ  მიკვირს  რჯულძაღლნო,
ნაადრევად  რო  დავფხავდი...
არც  ისეთს  ვერას  გიშავებთ,
დავჩაჩანაკდი,  დავმცხრალდი... 
არც  რო  -  მწარ-მლაშე  რად  არის,
პირზე  სისხლცრემლი  რაც  დამდის...

6...

სხვა  უნდა  გითხრა,  ღვთისსწორო,  
ვერ  დამმღლის  შენთან  უბნობა.
რად,  როგორ  ვნატრობ,  დამკვიდრდეს
ქვეყნად  კვლავ  უფლის  უფლობა,
ქარს  გაჰყვეს  მოუსავლეთში
ეს  შავ-ყომრალი  ღრუბლობა...
მალე  გვაცილოს  განგებამ
წუმპე-ჭაობში  სულ  ფლობა...
გვეღირსოს  ლხინი,  ნადიმი,
მამაპაპური  სუფრობა... 

თუმც  ნატვრა  ნატვრად  გვრჩებოდა,
ვიდრე  არ  ჩანდა  მაშველი,
ერი  ერთობით  ძლიერი,
ამათ  ავის  ქმნის  დამშლელი...
მზე  არ  გამოჩნდა`  ვიდრემდის
ბნელვერაგობის  მშაშვრელი...
ვიდრე  დიდგორს  არ  შედგება
დიდგორის  დროშის  გამშლელი!..

თუმც  ჯერ  სპა  ტანშეაბჯრული
არა  ჩანს  მტრის  დამლაშქვრელი,
არც  ვინმე  გმირი  ლომგული,  
მკლავმკვრივი,  სალკლდის  დამშვნელი...
რომ  გადუაროს  წყეულთ  ჯგროს,
ერთად  გაიღოს  ცხრა  სვრელი,
მილეწ-მოლეწოს  სალეწი,
ჩვენი  ბუნები  გამსვრელი,
შვება  მოჰგვაროს  თვისტომთა,
ჯერ  კეთილს  რომ  არას  ელის,
გამოახედოს  თვალებში
შეჭირვებისგან  თვალსველი.

7...

მაგრამ  აწ  უკვე,  ღვთის  მადლით,
ერთს  -  ღვთისგან  რჩეულს  -  სხვას  ველი...
თვალსაწიერის  მაღლობზე  
კაცი  გადმოდგა  თანთხელი,  
მდიდარი,  უხვი,  მდაბალი,
ზედმეტი  სიტყვის  არმთქმელი...
მთქმელისა  გამკეთებელი,
სვრელის  ბოლომდის  გამსვლელი...
- მასთან  ვარ  გულით,  გავხდები
ვიდრე  გავხდები  წამსვლელი

მამაცო,  დასტურ,  ღვსთისკაცო,
მოდი,  მოძმედ  და  ძმად  გელი!
იქნება  შენ  ხარ  მაშველი
აქამდის  დიდსანატრელი,
ვის  ხილვას  დღეღამ  ღმერთს  სთხოვდა  
სასომიხდილი  ქართველი.

ვის  ლოდინშიაც  უჟმური
ეს  ოცი  წელი  გაშავდა
და  წყლად  წავიდა  მირონი
ერის  მამა  რომ  ხარშავდა...

8...

ღმერთიც  დაყრუვდა,  დაბრმავდა
ეს  ოცი  წელი,  ავმწარე,
ძმათაკვლა-ავკაცობაზე,
გარყვნა-გახრწნაზე  გამწყრალი...

სოდომ-გომორად  მეორედ
ლამის  გვიქციეს  მამული,
ამადაც  გახდა  უფალი
საჩვენოდ  მადლმოჟამული...
სეტყვად  ცვივიან  ისრები
გაავხორცებულ  ამურის
ცქერა  ამ  უღთო  სირცხვილით
გახადა  ცა  მეწამული...

9...

ჯერ  თავს  დაგვასვა  ურდოურდომან  
კაცი,  იუდად  ნათლული,
რომ  რომ  უკუღმართად’  ემართა
ყოფა-ცხოვრება  ქართული...
მარიონეტი  ბეხრეკი,
ათასი  ძაფით  მართული,
ქვეყნის  დაქცევით  მღიმარი,
ლათაიებით  გართული
და  დავრჩით  ასე  კარგახანს
სიდუხჭირეში  ჩართულნი
- ქვეყანა  ქვედაცემული,
თავად  კი  წელგამართული...
აფხაზეთს  ომის  ამტეხი,
,, ცვედანმთავარი’’  განთქმული...
სამაჩაბლოსი  ხახამი,  
ათას  ცოდვაში  დანთქმული
მამა  ახალი  ყეენის,  
იმაზე  ბევრად  დარტყმულის,
და  დატრიალდა  8  წელი
ორომტრიალი  ართქმული...

10...

აი,  ვით  მიდის,  ვაჟაო,
ჩვენი  საწუთრო  აქამდი...
უფრსკრულის  პირს  მივადექით,
ამის  უსკრულში  ჩავქანდით...
ბევრჯერ  გავედით  გამზირზე,
ავყეფდით  და  ავქაქანდით,
მაგრამ  ყრუ  და  ბრმა  მტარვალებს
ვინღა  შეასმენს  რამ  ქადილს...
ხან  ჯარს  გვისევდნენ  ახვართა,
ხან  ყუჩისა  სჭირთ  სახადი...
ერთთავად  ქვებუდანობენ
როგორც  სჩვევიათ  მზაკვართ  ის,
რასაც  რომ  შინაგამცემი
იქმს  საქმეს  თავის  საკადრისს..

11...

სყიდვა-გაყიდვას  უხშირეს  
მამულისა  და  ვილათა
მამულს  იაფად  ყიდიან,
ვილებს  იძენენ  ძვირადა,
( დღემდე  იმავეს  საქმობენ
აშკარად,  განა  ფრთხილადა...
სინდის  ნსმუსი  რა  არის,  
არც  უჭამიათ  ხილადა...).

გააავსეს  ნაყარ-ნუყარი
მილეთის  ხალხით  ქვეყანა...
ჩვენ  მაცქერალად  ვიქეცით  
( ან  სხვა  რა  უნდა  გვეღონა...),
,, ახალ  ქვეყანას  ვაგებთო,’’
გვვმოძღვრავს  გიჟი  და  მკვეხარა...  
ჩვენ  ამათ  ხელში,  მგოსანო,
როგორღა  უნდა  გვეხარა...
ისღა  დაგვირჩა  საქნარად,
თავზე  ნაცარი  გვეყარა...

12...

ღმერთმა  დალოცა,  აკურთხა,
ჩვენს  მხსნელად  კაცი  რჩეული,
ჯერ  უნახავი  ბევრისთვის,
მუნ  კრძალვა-რიდებს  ჩეული,
გულმოწყალობით  განთქმული,
ქველმოქმედებით  მჩნეული,
შინჩაკეტილი  ცხრა  წელი,
ხალხს  ლამის  გადჩვეული...

სიტყვა  თქვა  კაცმა  პირველი
და  მხდალებს  დასცა  თავზარი!..
სიტყვა,  ზარივით  მჭექარი,
მჭრელი  და  არგანაბზარი...
არ  მწამსო  ესე  ცხოვრება,
აუტანელი,  საზარი,
ეს  სიძულვილზე  ნაგები
ამაოების  ბაზარი!..
მაღრიბ-მაშრიყის  სიგლახის
ასეთი  დომხალ-ნაზავი,
სადაც  რო  დაუნდობლობას
ტახტი  დაუდგამს  ქვასალის...

სად  ჩიტისკვლაზე  ადვილი
კაცთაკვლა  უჩანთ  ხელობად,
სადაც  ვაჟკაცის  სახელი,
რაინდობა  და  ქველობა
არ  ჰყოფნით  საქიაქებლად,
პატივში  ჰყავთ  ცისფერობა,
სადაც  ნახირად  სახავენ
ნამდვილ  ერობა-ბერობას...  

სადაც  რო  ალაფ-სახრავი,
მონაპოვარი  ქვეძრომით,  
ლიქნით,  ბეზღობით,  მზაკვრობით,
ზემგომის  გვამში  შეძრომით...
თან  ბრძნულად  უნდათ  შერაცხონ  
საქმენი  საუმეცრონი...

სად  თავდაყირა  დამდგარან
ზარნი,  საქმენი  და  დრონი,
მომრავლდნენ  მუქთამჭამელნი,
უძღებნი  და  უყადრონი... 
ხვეჭაში  დაუცხრომელნი,
ძარცვისთვის  რიგში  დამდგომნი,
სხვათა  სიგლახის  მბაძავნი,
თავის  სიქველის  დამთმონი...
აღრენილები  ერზე  და
ბერზე  -  ბნელ-გულუსათნონი...

საქმე-სამსახურს  ნატრობენ
ვაჟკაცნი,  ქველ-უბადლონი,
ქუჩებში  ან  დგას,  ან  ყრია
ჯგრო  ათასობით  მათხოვრის...
ზემდგომნი  ფრენენ  უფრენელს
ფარად  დაუდით  ავტონი...
ჯერ  არ  ნახულა  ტიპები,
ბრიყვ-უმეცარნი  ამ  დონის,
სხვის  მაჟალოზე  შეშლილან
თურაშაულის  პატრონნი...

12...

შ ენს  საქართველოს,  ფშაველო,
ჟამ  უდგა  უკანონობის...
სამართალს  ყიდვენ  მწიკვობით,
უსამართლობას  -  ტონობით...  
მათ  ჯორით  მიაქვთ  საჭურჭლე,
ხალხს  -  ვერც  სათითეს  კოლოფით...
მათ  სული  სძვრებათ  საქონით,
ერს  კიდევ  -  არასმქონობით...

მცირედნი  მათ  თუ  იცნობენ
ცხოვრების  ნირით,  გონობით, 
უფრორე  ჯადოსნურ  სარკით,
ანაც  ჭორგანაგონობით...
სამაგიეროდ  ყველა  ძრწის
,,კანონთა “  გაუგონრობით...
მგლებს  კანონებით  იცავენ,
ერს  სულსა  ხდიან  მონობით...

13...

ამაზე  ბჭობდა  შეძრული
კაცი  აქამდის  მდუმარი,
ვინც  კეთილ  საქმეთ  შესწირა  
ბევრმილიონი  თუმანი,
უფალს  აუგო  ტაძარი,
უებრო,  გუმბათოვანი,
მთელ  საქართველოს  მშვენება,
უფლისგან  დაუწუნარი!
თვალგასახარად  აწვდილი
მწვდომი  მზისა  და  მთოვარის...
გულს  უკლავს  რწმენა-უკუღმართთ
მისი  მრევლი  და  სტუმარი...

გარეშე  ამის  -  სხვა  ბევრიც
სიკეთე  ადევს  მხარზედა,
ძნელად  თუ  დათვლი  მის  ღვაწლსა,
თმას  აღემატვის  თავზედა...

მოვიდა  კაცი  პირდაპირ,
სიტყვაც  დასჭექა  მართალი,
ვისაც  არცარა  აკლია,
ოქრო,  ბროლი  და  ფართალი.

ესე  ქვეყანა  ახლიდან
არისო  გასამართავი,
თორემ  უმარგლავ  ყანასა
არცროს  დაუსხამს  თავთავი...

14...

ამის  გამგონე  აჯარდნენ
მძლავრნი,  დიდნი  და  მცირენი...
მანამდის  მისის  საჭურჭლის
მათხოვარ-შემაცქირენი...
მტრის  მოგზავნილად  შერაცხეს
თავი  ქვეყნითვის  მწირველი,
თოფით  დაუხვდნენ,  გაძარცვეს  -
ხარო  ,,შავ  ფულთა  მთირველი...
გაოცებულნი  გარბოდნენ
ყოველნი  ამის  მხილველნი...
ვისთვისაც  მეტი  ებოძა
იგი  თათხავდა  პირველი...
არც  კი  გაჯავრდა  დინჯბრძენი,
ბევრ  მათ  სიავის  მკილველი,
ვისაც  მრავალი  უხილავს
ამათზე  შავი  ფრინველი...
ავი  არ  უკვირს  ავთაგან
კარგია  გასაკვირველი...

ამასაც  აღარ  დასჯერდა
ყეენი,  მრავალნავალი,
მყის  გამოჩხრიკა  ძირამდის  
მისი  თავგადასავალი:
,, კაცი  იყოვო  სკვითეთის
მცხოვრები,  წელი  მრავალი,
მტრის  გეგმის  სუნი  უდისო
მის  საქმეს,  მაქვსო  რა  ვალი
ჩემს  მოქალაქედ  ვრაცხავდე,
ერთხელ  რა  ცხადად  რა  მალვით
ვინც  დაგვიდებსო  მოგვერდსა
თვის  ფულის  ძალით  მრავალით!,’’
თქვა  და  მოსჭრა  და  მოკვეთა,
ბრძანებით  შეუსავალით,
ქართველობიდან  ,, გარიცხა ‘’,  
,,ნახეო  შენივ  ტრამალი!’’ 
დაუკრეს  ნაზირ-ვაზირთაც  
კვერი  და  დასტურლამალი,
აქო  დარბაზი  ყეენმა
,, ხართო  ერთგულნი  მამალნი!..’’

სიბრძნე  სხვაც  ბევრი  აფრქვია,
რომ  არ  ღირს  გასახსენებლად,
მერმე  გაფრინდა  მაშვრალი  
ფრთოსანით  დასასვენებლად...

კაცს  უყვარს  თავის  ახალი
ძვირფას-ფ რთოსანი  ფრთამალი,
შიგ  რო  ხალვათად  ეტევა,
მცველი  გაწვრთნილი  მრავალი,
თვითონაც,  თავის  ჯალაბით
და  თაავის  მხლებელ-ამალით... 
გეზი  ვის  საით  გაწყობთო  -
მერეღა  იტყვის  მთავარი,  
,,  -  მაშრიყს  ვესტუმროთ,  მელიან,
საუდის  შთამომავალნი,
საქმეა  დიდად  საშური
ფული  აქვთ  სხვებზე  მრავალი...
ერთ  ვალსაც,  ბარემ  ავიღებ,
ჯანდაბას  ყველა  სხვა  ვალი!..
მანსპინსელს  დიდად  არ  უყვარს
სტუმარი,  ხშირად  მავალი.
მაგრამ  სტუმარზე  ჰკიდია
ნამუსი  აქვის  რავარი...

15...

ესე  ამბავიც  დატოვა 
ორგულთა  გასხსენებლად:
,, -  ვინც  ჩვენთან  არ  დგას,  
სკვითს  ჰმონებს
ვისაც  ზარს  მცემსო  ხსენებაც!..’’

კაცი  დამფრთხალი  ლაჩრულად,
თავის  ჩრდილს  რომ  ემალება,
თუმც  მოიფრინა  ცამყარი,
დარჩა  დიდშიშისთვალებად...
გაითრიაქა  სიცოცხლე,
ჭრელი  ეზმანვის  ზმანება,
მაგრამ  ხელქვეითთ  ტანთ  ზარავს
მისი  ყოველი  ბრძანება...

ბრძანებას  რაც  შეეხება,
არ  ახლავს  დიდმოკრძალება...
დიაცთა  გულმკერდთ  მპყრობელმა,
უმატა  მათ  მიძალებას...
და  ჰარამხანა  მორჩილებს
მის  ყოვეელ  აცანცარებას...
აღარც  მრუშობას  დაგიდევთ,
არც  მის  გუნებაცვალებას!..
-  ქალებით  თრობა  რით  არ  სჯობს
კაბინეტებში  წვალებას...

ან  კიდევ  მთავარსარდლობას  -
ერთ  დღეს  წაგებას  ორ  ომის...
გალსტუკთა  ცოხნას,  შიშის  ზარს
როს  ნატრობს  -  
შთანთქას  სორომ  ის....
გარშემო  შხუის  ნებისად
დიდ  შადრევანთა  კორომი...

16...
  
მგოსანო,  შენ  რომ  აქ  იყო,
მეტს  იგრძნობდი  და  ნახავდი,
მაგ  ცალი  თვალით  ნანახი 
ჯვარსა  ვფიცავარ  ხახმატის,
ათას  მონაჩმახს  დასჯაბნის,
მე  რო  ვჯახირობ  აქამდის...

თუმც  მაინც  ვწვალობ  უბირი
სანამდის  სიპებრ  გავქვავდი,
არ  ძალმიძს  ყორანთ  ყრანტალი
და  სვავთა  ავდანაქადი
ამიხდეს  სიზმრად  ნანახი,
ვიდრე  მივაღწევ  მაქამდის,
სად  შენი  სული  ბობოქრობს
მაღალის  გადმოსახედით... 
გზაც  მალე  იქით  მქონია
თუ  მამულს  ვნახავ  ტანთგახდილს,
ბორდელში  გამოჭენებულს,
გაბახებულს  და  ჩვრად  გახდილს...
რა  პასუხს  გავცემთ  არაგველთ,  
იმ  სამკვდრო  ბრძოლა  გადახდილს...
შინაგამცემტა  მძლავრობას
ჭირი  რით  არ  სჯობს  პარტახტის,
ის  ხორცს  აკვდინებს,
ეს  სულსაც,
სიყმილისაგან  ბრმად  გახდილს...
      ქართველ  ასულთა  ამქარი,
მერე  რამდენი,  რა  დათვლის,
დღეს  ვის  ბორდელში  სტირიან,
ვინ  სად  ამცირებთ  ტანთგახდილთ...
შიმშილს  გაქცეულთ  -  სიკვდილი
ცოცხლად  სჭირთ,  
ჯერ  ქვა  არგათლილთ.

17...

გაბერწდა  ჩვენი  ცხოვრება  -
სივდილი  სჯობნის  გაჩენას...
გარბიან  ჯეელ-ახლები,  
აქ  ყველას  უჭირთ  დარჩენა.
ძალა  არ  შესწევს  მამაკაცს
თავის  ჯალაბის  სარჩენად...

მაინც  სად  მიილალვიან,
ის  ედემ-ბაღი  მაჩვენა...
მოსამსახურედ,  მოახლედ,
სხვის  ლხინზე  პირის  დამფჩენად,
თავიდან  -  ვითომ  დროებით,
მერმე  სიკვდიმდე  დარჩენად...
მიდიან  ქორფა  ქალებიც,
არც  გზა  იციან,  არც  ენა,
დედებიც,  ხანმოყრილებიც,
სხვათა  მიხრწნილთა  სავლელად,
სახლი  დამგველად,  მრეცხავად
სხვის  ღამის  ქოთნის  საცლელად...
გროკაპიკთ  გადაგებულთა,
ხან  შეამცივნებთ,  ხან  ცხელათ,
ზოგჯერ  წერილის  ლოდინში
თვალ  უთამაშებთ  მარცხენა,
თვით  უგზავნიან  შინ  მყოფებს
სახსარს  თავისა  სარჩენალს
ბევრმა  უგანა  თანდათან
მორიდებას  და  დარცხვენას,  
ათას  ახვართან  ნაწოლებს,
თავი  არ  უნდათ  საჩენად...

ვაჟნი,  ქველობით  ნაქებნი,
ძარცვაში  სცდიან  მარჯვენას,
მერე  სხვის  ციხეთ  ხეხავენ
ჩვენსას  რომ  სჯობნის  ამჯერად...
ვაჟნი  იქ  გადარჩენილნი
ხდებიან  აქ  დასაჭერად...
აღარსითა  აქვთ  საქცევი,
კაცი  რომ  ასცდეს  ას  მზერას,  
ვის  რა  ჩაუდონ  ჯიბეში,
ვის  რა  უბოძონ  სასჯელად,
ამაზე  ფრიად  ზრუნავენ,  
კადრებსა  წვრთნიან  თან  ჯერაც,
რაცა  ჰყავთ  იგი  არ  ჰყოფნით,
გეგმა  მეტია  ასჯერა...
ევსებათ  ფულის  ბეღელი,
ხმების  ბეღელიც  ნაჯერ  არს,
ამადაც  თავს  არ  ზოგავენ
სანადიროდ  და  საჭერად...
ძნელია  ესე  ყოველი,  
ჯერ  თქმად  და  მერმე  სამზერად...

18...

ამას  უმზირა  ვინც  დიდხანს,
შორით,  შიშით  და  თმენითა,
ვინც  ჩუმად  გულში  ჩაიკლა
ჯავრი,  ვერთქმული  ენითა...
ვინც  ნაღველს  დიდხან  იხშობდა
დახრულ  კბილების  ღრჭენითა,
მან,  თმენის  ძაფგაწყვეტილმა, 
სიმწრის  ცრემლების  დენითა, 
დაბოლოს  სძლია  თავსაც  და  
შუა  ბრძოლაში  შევიდა...

19...

ერს  ეცნო  კაცის,  კაცადის
ნაღდი  საბუთი  კაცობის,
სიავის  აუტანლობის
მძლავრთაგან  ერის  დაცრობის,
არშეგუების  ბოლომდე,
ავკაცის  ვაჟკაცად  ცნობის,
საქვეყნოდ  გახმაურება,
ყველასთვის  კარგად  ნაცნობის..

-  ახლად  არისო  ქვეყანა
ასაწყობ-გადასაწყობი,
პურს  ვერ  აცხობსო  ეს  თქვენი
ეშმაკის  პურის  საცხობი!
ჩვენ  მივხედავთო  საქმეებს
მარტოდენ  თქვენთვის  დაწყობილს,
არ  მწამსო  თქვენი  მიზნების,
თქვენი  გეზის  და  განწყობის,
ახალს  აკრებსო  პროგრამას
აწ  ჩვენი ასოთამწყობი!

20...

მეხივით  გასკდა  მძლავრთათვის
მოყვარულთათვის  წაწლობის
ესე  ამბავი  უცები
თქმის  მათის  ვაინაჩრობის...
ერთმანეთს  ეჭვით  უმზერდნენ
თვალები  უცნობ-ნაცნობის...
სადღაც  ხელახლა  ურევდნენ
კარტებს,  მზაკვრულად  ჩაწყობილს,
გადაბრუნებულ  ურემთან
ალხ  იგრძნობოდა  დამწვრობის...

შეჩქვიფდნენ  ზემოთურები,
ღონეს  იკრებენ  გასწრობის,
ხურჯინთა  ჩალაგებების
შეცბნენ  ოსტატნი  ასობით...
მოწმენდილ  ცაზე  მეხის  ხმას
ასე  სცოდნია  ასწლობით,
არ  იბადების  ქალ-ვაჟი
ქვეცვებუდანთა  წაწლობით!

21...

ჟამი  მომდგარა  სულმნათო
ერის  თავიდან  განბრძნობის,
შვიდჯერ  გაზომვის,  ერთხელ  ჭრის,
გახვრეტილ  ნავის  დაცობის,
მტყუან-მართლისა  გარჩევის,
ამღვრეულ  წყალთა  დაწკნობის,
დრო  აღარ  დაგვრჩა  მაცქერალთ
ერის  და  ქვეყნის  დაჭკნობის...
აქეთ  ხარო  და  ხრამი  ძევს,
იქით  წუმპე  და  ჭანჭრობი,
ჰგავს  საქართველო  შენს  შვლის  ნუკრს,
ორ  რუხ  მგელს  შორის  გარჭობილს,
ფეფებ-მოჩლექილს,  უმწეოს,
უდედმამოს  და  ჩაჩოქილს...

22...

ცოდოა  დაჭრილ  არწივის
ყვავყორანთათვის  მიგდება...
მოკვდება,  თავის  მწვალებლებს,
ცოცხლად  არ  შეურიგდება,
ის  იბრძვის  თავგანწირულად,
უსამართლობით  ვინც  კვდება,
სანამ  ძალ  მასდევს,  იომებს
მტარვალს  არ  შეურიგდება,
ღვთივ  სამართალი  დაბოლოს
ამ  საწუთროშიც  რიგდება...
რად  უნდა  ამას  ცხრა  ბრძენი,
ვაჟკაცი  თუ  დაფიქრდება,
რომ  მართებს  გულმხნე  დადგომა
ამ  უბოლოო  კირთებას...
,, კარგი  რამ  გჭირდეს,  გიკვირდეს,
ავი  ვის  გაუკვირდება’’...

მაგრამ  ბრძოლები  მართალი 
ღვთის  ნებით  დაგვირგვინდება...
ასე  არ  იყოს -  სოფელი
ერთხელაც  დაგვებინდება...
რამეს  დღე  რო  სდევს,  დღეს  ღამე,
ეს  წესი  ცაში  დგინდება,
არ  მიატოვებს  ციერი
ვისაც  შეწევნა  სჭირდება...
და  რაკი  საქმე  ყოველი
უფრო  და  უფრო  ჭირდება,
მიწყივ,  დიდ  სიდუხჭირისას
შველის  გზაც  გამომჭვირვლდება...

23...


ბუდისას  აწიოკებას
მერცხალიც  ვერ  ურიგდება...
მობეზრდათ  მშიერ-მწყურვალთა
ვაი-ვიშვიშით  შინ  გდება,

მაგრამ  მაღიბის  კიდესთან
ლურჯი  ვარსკვლავი  ინთება,
,, არ  გაგწირავთო  უფალი ‘’
-  ხმა  იდუმალი  გვპირდება,
ღმერთი  ჩვენს  ერსაც  სულ  მალე
დაუბრუნებსო  დიდებას!..

24..

ამ  იმედს  შესტრფის  დღეს  ერი
ჯერ  მხოლოდ  მისი  ამარა...
რწმენა  ზეიწევს,  ეშმამ  რომ
ვერაფრით  დაასამარა...
თვალებით,  ნაღვლიანებით,
(ლამის  რო  შეძვრნენ  სამალავს...“,
ასცქერენ  ქართვლის  შვილები
მორუხულ  ზეცის  კამარას...
ვინც  გადამკიდე  მზაკვართა,
მწარედ  აცრემლათ  რამ  არა...
მაგრამ  ტკბილია  იმედი,
ეჭვსა  და  ჟავრს  რომ  გალალავს...
აგერ  ტახტს  უდგამს  ცარგვალზე
მთვარეს  ვარსკვლავთა  ამალა!

25...

დადგა  ქართული  ოცნების
დრო  ახდენ-განავარდების,
რომ  დაამშვენო  ქართლის  ცა
ღვთიურის  შარავანდედით!
ახდენით  იმ  ლოცვა-ხვეწნის,
სანთელ-კელაპტართ  ანთებით
სიავის  მზის  ჩასვენებით,
მადლის  მზის  გამონათებით!
რომ  გაიხარონ  ქართველთა
ერთურთის  კვლავმონატრებით!..

26...

ერის  განსწავლის  ჩირაღით,
წინსვლა-ზეაღსვლის  წადილით,
უნდა  განათლდეს  ერი  და
გაბრწყინდეს  დედის  მანდილი!..
უნდა  ჩაფლავდეს  უკუნში
უბირ-მანქურთთა  ქადილი,
წინ  მიგვიძღოდეს  გონება
ხმალივით  ამოწვადილი!

ახლა  სხვარიგად  ცხოვრება
არ  არის  იოლ-ადვილი...
აღარას  ავნებს  მამაცსა
მტრის  დასახვედრად  მზადილი...

27...

აღსდექ,  იბერთა  საუფლოვ,
სიავის  არცროს  მდომელო,
მშვიდობის,  შექმნის,  განწავლის
სამეფოდ  გასახდომელო!..
ამისთვის  დღე  და  მოსწრება
მარადის  დაუცხრომელო,
სულ  რომ  გიკლებდა  მტრის  ურდო
( არავინ  მკითხოს  რომელო!)...
ვინ  მოთრეული  საიდან,
ველურიც,  უთვისტომელოც.
შენც  ბევრს  ანანე  სიცოცხლე
რვალის  ჯავშანიც  რომ  ელო,
ბევრს  ფეხი  ამოუკვეთე,
თავფეხაკრეფით  რომ  ევლო!..
თუმც  სხვათ  იძალა  ნამეტურ,
უზღვავად  გარს  შემოგევლო.
ვით  გასწვდებოდი  ესოდენს,
ყველათვის  როგორ  მოგევლო...

ცხოვრებას  მუდამ  თავიდან
იწყებდი,  ღმერთს  შემვრდომილო,
ღმერთიც  გწყალობდა  ბევრჯერა,
ღთისგან  არმიტოვილო!

28...

დღესაც  ის  დრო  დადგა  -  მამულის
მთებს  სხვის  ფარანი  ძოვენო,
შინა  და  გარე  მზაკვარნი
გამშრალ  ძუძუებს  სწოვენო!..
მაგრამ  ახლო  არს  ის  ჟამი,
მოსაგლოვს  მოიგლოვენო...

გაღვიძებას  ვგრძნობ  ჩვენი  მზის  პირველსხივები  თოვენო!
მამულის  ნაჭრევ-ნახმლევნი
სხვა  სალბუნს  მოითხოვენო,
დრო  მოდგა  ერთად  დადგომის,
ისმინე  ყოვლით  ყოველო!
კვლავ  იბრძენკაცე  ბრძენკაცო,
შენ,  ერის  წინამდგომელო,
დამსახო  გზათა  და  გეზთა,
მამულის  გადამრჩომელო,
ერის  მამავ  და  მოძღვარო,
დინჯი  და  შეუცდომელო,
გონება  მართავს  ცა-მყარსა,
უგნურნი  თავს  იგლოვენო!

რომ  აღორძინდეს  პარტახი,
მთაბარნი  ნადს  ითხოვენო,
უერთმანეთოდ  დარჩენილთ,
წვენს  უწმინდურნი  გვწოვენო!..
ამადაც  ერის  ერთობა
უნდა  ვქნათ,  ფშაველ-ფხოველნო,
კახნო  ქართლელნო,  იმერნო,
ხევსურნო,  ქარაფს  მხტომელნო.
მეგრნო,  მესხნო  და  აჭარნო,
გურულნო,  დაუდგრომელნო,
მოხევევ,  მთას  შერჩენილო,
თუშნო  -  მთა-ბარად  მშრომელო!
სუყველავ,  ვინც  კი  სადაც  ხართ
უსასოდ  ქვაზე  მჯდომელნო,
უფრო  მამაცნო,  უტეხნო,
კვლავ  მეციხოვნედ  მდგომელნო!..
ჩვენია  ესე  მამული,
შავ-ჩარჩნი  რასა  გვთხოვენო...
რა  უნდა,  სად  რას  ეძებენ,
თავისას  სად  რას  ჰპოვენო,
გვძარცვავენ,  
მთაველს  გვიჩხიბვენ,
მარაბდელნო  და  გლოველნო!..
გადაგვიჩეხეს  ტყეები,
მეწყერი  ზედ  გადმოგვევლო,
შრებიან  ცივწყაროები,
შემცირდნენ  ნადირ-ცხოველო,
ეპატრონვიან  ჩვენს  მიწებს,
ღმერთს  არც  შენდობას  სთხოვენო,
მაცხოვრის  დედულს  ყიდიან,
ერს  ყურსაც  არ  ათხოვენო,
აივსო  თმენის  ფიალა,
გაკმარე  მადლის  მთოველო,
გადაგვირჩინე  მამული,
მაცხოვარივით  რომ  ევნო...
აკურთხე  ერის  ერთობა,
შენ,  ყოვლად  მიუწვდომელო,
ახლად  გვიკურთხე  ჯვარ-ხატი,
მათ  ნათელს  რომ  შემოვევლო!
ამაღლდი  ჯვარო  მცხეთისა,
მარტვილო,  სვეტიცხოველო,

29...

კვლავ  იმუშაკოს  გლეხკაცმა,
დღემუდამ  დაუშრომელმა,
თავის  ზვარ-ყანის  და  ბაღის
ღვიძლ  შვილებივით  მომვლელმა!..
დროზე  -  სხვის  დამპურებელმა,
დღეს  -  მოწყალების  მთხოველმა,
სახლკარდამწვარმა,  დევნულმა
უგროშოდ  ქუჩას  მჯდომელმა...
ქვეყნისთვის  მრავალნაღვაწმა,
კაცმა  ნასწავლმა  ყოველმა,
ულუკმაპუროდ  შთენილმა,
ბუნკერში  სარჩოს  მპოველმა...
ჯეელმა  -  უსაქმობისგან
შხამ-საწამლავზე  მჯდომელმა,
ცილისწამებით,  მზაკვრობით
დილეგში  დასალპოველმა...

უსამოს-  ულუკმაპუროდ  
შთენილმა  ობოლ-ოხერმა
შეძლოს  შესძლოს  კაცურად  ცხოვრება,
და  გულის  ღვთივ  მოოხება...
მათხოვარ  ხელგაწვდილებსაც
სჭირდებათ  მადლის  მოხვევა
პატრონი  და  და  დაპურება,
ბეჭებძე  შალის  მოხვევა...
სად  ვინ  შობილან  ღვთსშვილნი
გლახებად  და  ქვრივ-ოხრებად?!.

30...

ჯვარს  შეფიცულნო  ქართველნო,
ჯერ  ბედის  მწარის  მგლოველნო,
ოდითგან  მარტოდ  მყოფელნო,
მუდამ  არუდიდმინდორველოვ,
თქვენ,  მცირედს  თავგადაკლულნო,
ომში  ლომ-ვეფხებრ  მლტომელნო,
თავს  რომ  არ  ზოგდით,  ბრღვინავდით,
ეს  გული  თქვენ  შემოგევლოთ!
ბოლო  ძეს  რომ  იმეტებდით,
მომხდურს  რომ  შორით  მოევლო,
არ  გაეჩეხა  ზვარ-ბაღი,
იმ  შვილივით  რომ  მოგევლოთ...
რომ  გაგამწარეს  მრავალგზის,
თავს  ჭირთა  სპაც  რომ  მოგევლოთ,
წელებზე  ფეხს  რომ  იდგამდთ,
ზვრის  ღობე  რომ  შემოგევლოთ...
რომ  არ  ტყდებოდით  მტრის  ჯიბრზე,
ხმალს  ლესდით,  მტრისთვის  რომ  გევნოთ...
რით  დაგიფასდათ  ამაგი,
არაგველნო  და  თმოგველნო?!
რით  განუგეშოთ,  რა  გითხრათ,
მალე  მსაჯულნიც  მოვლენო...

31...

დღეს  ვის  ხელში  ვართ,  რა  დღეში,
მიწიდანაც  ჩანს,  ციდანაც...
რაც  დღე  გვაყარა  მომხდურმა,
მოსულმა  ცხრა  ზღვა-მთიდანა...
თუმც  მათზე  მეტი  სიმწარე
სასჯელად  გამოგვიტანა  
შინგამოზრდილმა  სატანამ
გადაცდენილმა  გზიდანა...
დრო  გადის,  არა  გვცილდება,
დაცული  ეშმას  მხრიდანა,
მთლად  ქვეყანა  სურს  გაყიდოს,
ურიცხვი  ცოდვის  მზიდავმა...

32...

რაც  რო  ვითმინეთ,  გაცუდდა,
ბევრჯერ  გონებამ  გვიგანა..
ყვლეფამ  და  გლეჯამ  ამდენმა
დაგვამცრო,  გაგვაციგანა...
ვიკითხე,  ვეღარ  გავიგე,
ვინ  ბური  იმკის  ვის  ყანას...
გადუწყვეტიათ  მტრის  მსახურთ
ქვეყნის  ყუამდე  მიყვანა...

ბევრს  გაუვლია  აუგი
ჩვენზე  და  ვერ  გაიხარა,
არმად  ნაშოვნი  საჭურჭლე
კეთილად  ვერ  მოიხმარა...
ბევრი  გაბახდა  მკვეხარა,
თავზე  ნაცარიც  იყარა,
ბევრზე  გაბრაზდა  ქართველი,
ქართულად  ჯავრიც  იყარა,
ბევრსაც  გაუხდა  საქმენი
საროზგად  და  საციხარად.
ყველას  კუთვნილი  მიეზღო,
ვინც  საკმარი  არ  იკმარა,
ვინც  კი,  შემცოდემ,  ხატის  წინ
მუხლები  არ  მოიყარა...
ვინც  ერის  ნების  წინაშე
თავ-ქედი  არ  მოიხარა....
ვერავინ  შეძლო  იბერთა  
ჯიშის  კვდომამდე  მიყვანა...
სხვასაც  მოელის  იგივე,
ვინც  ლერწმებრ  გადაიხარა,
ვერვინ  წაგვართმევს  სამშობლოს,
ღმერთი  აქ  არის,  იქ  არა!..

33...
ის  ვერ  მოხდება,  რაც  არ  სურს
უფლის  ნებას  და  განგებას,
ვერცვის  ძალუძევს  ღვთისმშობლის
წილხვედრის  გაჩანაგებას!..
არც  თავად  მთავარ-სატანას
ჩვენი  შამფურზე  აგება!..

საჯოჯოხეთოდ  ვერ  გაგვხდის,
ვერ  იზამს  ერის  დაცემას!..
სულ  სხვამ  იყივლა  მამალმა,
არ  გვამცნობს  ღვთის  ძის  გაცემას...
გვანიშნებს  მხოლოდ  მზაკვართა
წყეული  ბუდის  დაქცევას,
ჟამს  მათი  აბარგებისას
-  ვინ  ვის  დაასწრებს  გაქცევას!..
ზოგ  უკვე  ლამობს  მსჯავრისთვის
გველურად  გვერდის  აქცევას,
მალე  გავიგებთ  მათს  გულში
ჩმპალი  სისხლის  ჩაქცვეას!..
აღარც  ღმერთი  იქმს  ამ  ქვეყნის
სხვის  სათარეშოდ  კვლავ  ქცევას
ვერც  გლეხი  დასთმობს  თვის  მიწას,
ისედაც  ორი-სამ  ქცევას!..
ვერც  მუმლი  შესძებს  უშქარი
ფესვმაგარ  მუხის  წაქცევას!
ხვალ  გველის  ჩვენი  დიდგორი,
ერთპირ  დადგომა  და  ძლევა,
რომ  შევძლოთ  სატანის  ხუნდთა
საშვილთაშვილოდ  დამსხვრევა!..

რომ  დატრიალდეს  კვლავ  წაღმა
ჩვენი  სვეწერის  ბორბალი...
ღმერთმა  ხომ  უწყის,  რას  ელტვის
ეს  ჩვენი  სული  მბორგალი...
რომ  დაიტყვევნოს  სატანა
ოცი  წლის  ნაბობოქრალი,
რომ  კვლავ  გაბრწყინდეს  გვემულთა
თვალები  შუქამომშრალი...
ერს  დაუბრუნდეს  მამული,
მანქურთთა  შეწყდეს  როკვანი,
ზღვის  ფსკერს  ჩაინთქას  მტარვალთა
ნავები  ძირგამომპალი!.

რომ  კვლავ  ვადიდოთ  განგება,  
უფლის  სამართლის  მომყვანი
დ  მზემიბჟუტულ  ქართველთა
კეთილის  მზის  ამომყვანი,
მოშურნეთ  გულის  საკვვდავად
და  სიხარულად  მოყვარის!!!

რომ  გაჰქრეს  ბილწი  კოშმარი,
სულ  შავი,  განა  შავთეთრი!..
რომ  ცას  არ  შერჩეს  სიავის
შავ  ღრუბლის  თილის  ნაფლეთიც...
რომ  მსწრაფლ  დადგეს  და  დასრულდეს
ჟამი  მზაკვართა  დაბნედვის,
მზე,  შუბის  ტარზე  შემდგარი
ხარობდეს  ამის  დამხედი!..

35...

სახლს  სტუმრის  მოსვლა  უხარის,
დიდი  ხნის  ვერშენახვედრის,
მასპიძელს  -  უჭირველობა
სტუმრის  ხელგაშლით  დახვედრის...
ლოცვით  გატეხვა  პურისა,
ალალის,  არდასაყვედრის,
,,ჩაკრულოს““  დაგუგუნება,
ბილწ  მტრის  გულს  ქვად  მოსახვედრის,
მოლხენა  მამაპაპურად,
მხნედ  რიჟრაჟისთვის  გახედვის..

მაოხრებელთგან  გატანჯულს,
ღირსს  სხვა  მადლის  და  სხვა  ხვედრის,
ქართველს  ყოველსთვის  ეწადა
გახვეტა  გადასახვეტის!..

36...

დაგღალე,  ფიქრით  მაშვრალო,
ჩვენის  ვაების  გაცნობით,
ეშმას  ნაგრამთა  ამბებით,
მიზეზთა  ქვეყნის  დამცრობის...
ახლა  მხარებელ  ვიქნები
სხ,ა  ამბისა  და  სხვა  ცნობის  -
ბოლოკეთილი  ბრძოლისა
ავკაცობის  და  კაცობის!.
თუ  ვით  უფალი  არ  ტოვებს
მსხვრპლს  ახვარ-მძლავრთა  ბაცნობის,
რომ  ქართველთ  კვლავაც  უჩნდება
მათი  მგლის  მადის  დამცხრობი!..

37...

კაცი  კაცადი,  არმსგავსი
არავითარი  ქიმერის,
ზრდილი,  ტანთხელი,  პირხმელი  -
ნამდილი  ზემოიმერი
გულღია,  წრფელად  მზირალი,
ალალბავშვურად  მღიმველი,
ჯიქურ  გადმოდგა  საფიხვნოს,
სიტყვა  თქვა  გასაკვირველი!..

,, არ  გამოვაო  ცხოვრების
ასე  ჯახირით  გალევა,
მირონ  შარბათის  სანაცვლოდ
სულ  შხამ-სამსალის  დალევა!..
რასაც  ვამბობ  და  ვიქადი,
ამისი  მქმნელი  მალე  ვარ,
გვიხსნისო  ერის  ერთობა
და  ეშმას  კარტთა  არევა!.. ’’

მზაკვართა  ბუდის  ცარგვალზე 
შავი  აჩხავლდა  ფრინველი,
განრისხებული  თვალებით
მათ  საზიანოდ  მზირველი...
იმედით  გათბა  საყდარში
ხუცესი,  მესავ-მწირველი...
გულიც  შეტოკდა  ერისა,
მოულოდნელის  მხილველი... 
შეკრთა  ამალა  ყაენის
და  თვით  შადრევან  პირველიც,
გულმოსაბრუნი  შეიქნა
დრუნჩიდან  დუჟის  მდინველი,
შეამცივნა  და  აცმუკდა
ვით  სუსხში  ბარტყი  ნინველი...
ჩაუცხრა  ხორხში  ომახი,
ხმა  ახმახურად  მგრგვინველი...  
მისი  შიში  და  სილაჩრე
გახდა  უფრორე  მჭვირველი,
იგრძნო  რა,  მის  ავკაცობას
დაუდგა  გასაჭირველი...

38...

აღარ  ღირს  მეტი  განგრძობა
ამბავთა  უხამსთ  სალმობის...
მალე  დარეკენ  ზარები  
ჟამს  მათთან  გამოსალმების...

39...

რა  ერი  ფეხზე  წამოდგა,
უფლის  წყალობის  მხილველი...
გულშიც  ჩაუთბათ  იმედი
-  მეოხი  ბევრნაჭირველის,
რომ  დასტურ,  წლები  წვალების
ოხჯანს  მიადგა  მფშვინველი...

რომ  აიძვრიან  ცხრაუცხო
გადამთიელი  ჩარჩები,
მონათ  და  მიწათ  მსყიდველნი,
მტაცებლობაში  მარჯები,
დღე  გათენდება  შვებისა 
სიმართლის  ღვთივ  გამარჯვების,
რომ  დაბრუნებულ  მიწაზე
კვლავ  მისი  მკვიდრნი  დავრჩებით!..
კვლავაც  ზედ  ალალ  ოფლს  დავღვრით,
უფრორე  გავისარჯებით,
ოღონდ  არ  გახდეს  ქვეყანა
აწ  საპარპაშო  ქაჯების!..
ღვთისმშობლის  ღირსი  მამული
კვლავ  გამწვანდება  ვარჯებით!.
კვლავვ  იზეიმებს  ერი  და
დასჭექავს  ჰიმნს  გამარჯვბის!

40...

ზვრებით,  ბაღებით  ყანებით,
ბეღლებით,  ბოსელ  საბძლებით,
დოვლათით  -  პირველწამალით,
ყოველგარ  ჭირის  გაძლების,
არხ-სარწყავებით  წყალუხვით,
ჯეჯილის  წვენით  გამძღებით,
კვლავ  აყვავდება  მამული
ჟამი  დგას  სხვა  დღის  დაწყების...

ჟამი  დგას  მადლად  გადმოსვლის
უფლის  წყალობის  და  ნების,
ლხენად  რომ  აქცევს  ჭირნახულს
,, ამ  სარწყავთ  მონაყვანების’’...
ჟამი  დგას  უფლის  სრასახლში
მუხლმოყრის  და  თაყვანების,
შრომის,  მშვიდობის,  სიმშვიდის
კეთილად  მუნ  დავანების!...
დამშვენდებიან  ქალაქნი, 
გაივსებიან  ბღარებით,
გაცოცხლდებიან  სოფლები,
მიტოვებული,  მკვდარები,
მოშუშდებიან  ტკივილნი
გულების  განაბზარების,
გაივსებიან  ქუჩები
ვაჟკაცებით  და  ქალებით,
მთელი  ჯალაბით  ერთურთის  მიმლოცველებად  მარებით...
ტაძრები  -  მრევლით  კეთილით
სალოცავს  მინაძალებით,
ღვთისმადიდებლით  შვებისთვის,
დასრულებისთვის  წვალების...
და  რწმენით  არცროს  დაკარგვით
აწ  ჭკუა-გონის  ძალების!..

41...

გულგაუტეხელ  ერისკაცთ
სხვარიგად  უჭრით  გონება,
ვერცროს  დაბინდავს  რომელსაც
აბდალ-ხეპრეთა  მონება,
სულ  რომ  ტიტვლებმა  ირბინონ,
ხალისით  მივცეთ  რო  ნება,
მთელმა  ამალამ  ის  რო  ქნას,
მათ  ყაენ-ხონთქარს  რო  ნებავს,
რაც  უნდათ,  ის  რომ  იყბედონ,
კაცს  რომ  არ  გაეგონება,
მათ  ბოლო  მაინც  ერთი  აქვთ,
ვაჟაის  სულის  ცხონებამ,
არავის  ის  არ  გაუვა,
რაც  ღმერთს  არ  მოეწონება!..

42...

ერისთვის  ქვეყნის  შენება
ბედნიერების  ძირია
და  რამდენჯერაც  მამული
მაოხრებთ  გაუწირიათ,
იმდენჯერ  ერთად  დამდგარა  
ქვრივ-ოხერი  და  გმირია,
უგიათ  სოფელ-ქალაქნი,
ციხენი  ჩაუკირიათ,
უმშვენებიათ  ღვთის  სახლნი,
ღვთის  არცროს  უთქვამთ  ძვირია,
კვლავ  ჩაუყრიათ  ზვარ-ბაღი,
სასხლავნი  გაუპირიათ,
ურგავთ,  უხნავთ  და  უთესავთ,  
უნოყივრიათ  მწირია,
უმრავლებიათ  საყოლი
რაც  მკვდარს  და  ცოცხალ  სჭირია,
შურითაც  გადელებულა,
მტერი,  თვალმარჩხად  მზირია...
ბევრნი  მოშორდნენ  მზის  თვალთა
მათებრი  ფუნა-მწვირია,
სხვაა  ქართველთა  მიზანი
ვერ  დაიჭირავს  ჭირია  -
გონების  ძალის  სუფევა,
შრომა  -  ღვთივ  დალოცვილია...
და  კალავ  უწირავთ  ხუცესთაც,
ოდითგან  ვით  უწირიათ...

43...

ერი  კვლავ  ივლის  იმ  გეზით,  
სლვაით  მამულის  ნებისად,
იქით,  სად  ნათლის  ლამპარი,
კაშკაშებს  განათლებისა,
სადაც  ღვთის  სული  ტრიალებს,
შვებად  ღვთისმოშიშებისა,
და  სადაც  ბრუნავს  ფერხული
წმინდა  ანგელოზთ  კრებისა!..

44...

ხალხმხიარული  ქუჩებით,
გულებით,  არნაბზარებით,
თვალებხატულა  ბალღებით,
დასაწყვილბელ  ცალებით,
ლერწმების  დარ  ასულებით,
პირმშოს  მლოდინე  ქალებით,
ვაჟკაცთა  გვერდით  ნაბრძოლი
დედებით  -  ამორძალებით,
დაბრძენებული  ჭარმაგით,
ნასუსხით  ბევრ-ავ-დარებით,
უკვე  გულმოცემულებით
აწ  დარით  განახარებით!

მრევლი,  ჯვარ-ხატის  მოსავი
სალოცავს  მინაძალები,
თაყვანისცემას  უფლისას
არ  მოშლის  რამ  დაძალებით,
არათმობს  თავისუფლებას,
კვლავ  სიმწრით  ნაპოვნს  წვალებით,

45...

ღვთივმოვლენილი  ღვთისშვილის
მამულში  მიმობრძანებით,
უზონდერებოდ  უდაცვოდ
მხნედ  შვილთა  მიმოტარებით,
და  თავად  გახარებულის
ერის  და  ბერის  ხარებით,
გულსავსის  ჟინით  შენების,
დაგმანვის  ძველი  ბზარების,
ჩაყრის  ახალთა  ფუძეთა,
ღვთივნაკურთხის  მყარების,
მცხოვრების  ერის  ჭირ-ლხინით,
კაცთ  შემწის  დაუზარების,
თავგადადებით  მუშაკის
სიკეთის  არდამხანების
იმედი  გაჩნდა  ღვთის  მადლით,
ნაღდი,  ეჭვმიუკარები,
რო  მხნედ  ატარებს  თვის  ერსა,
უშიშად  ყოვლი  ქარების!

თვის  ერ  მადლიერ  ერისკაცს
ღვთის  ფარიც  აეფარების!

46...

მეზობელ-მირონ-მოკეთის
მხარდგომით  და  და  მოხმარებით,
შრომა  იქცევა  ლახვარად
არქონის  დასამარების!..

ნადის  სიმრავლით  სათოხნშიც,
მკაშიც  მკერდს  ოფლის  ღვარებით,
რთველშიც  და  ხილთაკრეფაშიც
სავსე  გიდელთა  ტარებით,
სათიბშიც  ზორბა  ბულულთა
დადგმით  უშქარი  ჯარების,
მთაში  ფარათა  ქათქათით,
მწყემსით  -  მგელმიუკარებით,
ნახირით  -  ძროხამრავალით,
დაცულით  ბუღა  ხარებით,
ამაყად  რომ  ბუბუნებენ
შრომაში  დაუზარებნი,
შუბლზემოთ  ზეაზიდული
საყანწე  რქათა  რკალებით,
ჯანზე  მოსული  ქვეყანა
სიკეთის  გზებით  მარები,
დაცულ  იქნება  უფლისგან
ვით  უფლის  რწმენის  მტარები!..

განახლებული  სოფლებით,
აღდგენილ  ნასაყდრალებით,
ახლად  ნაგები  ტაძრებით,
ნაჩუქურთმალი  კარებით,
გაწალკოლტდება  -  პარტახი,
ავკაცთა  ავნაქნარებით...

მათგან  განაჩხიბ  მიწაზე
ღვთის  თვალის  შემობრძანებით,
ქვეძრომთა  საძრომ  დამგმანვლის,
მუნ  ბევრგზის  შემომძვრალების,
მანქურთთა  მზერით  დამცეცხვლის,
მიწაშიც  ღმერთგამწყრალების,
არცროს  დატოვებს  ნაკურთხ  ერს,
მისთა  მოსავთა  მყვარები,
ერიც  რწმენაში  იზევებს,
ჯვარზე  ცრემლნაღვარღვარები!..

47...

გამოზაფხულზე  ხევ-ხუვთა
ჩანჩქრებად  ამქუხარებით,
ზაფხულში  მწიფე  ყანებით
-  კაცის  და  ღვთის  გამხარებლით,
ნიავზე  წახრილ  ყანათ
მზის  მადლით  დათავთავებით,
არსობის  პურის  მომცემის
-  მირონის  დამკრიალებლის...    
დახუნძვლით  ზვარ-ტალავერთა
მტევნებით  -  თვალმზიანებით,
ქოჩორაშილი  სიმინდით,
- ტაროებადლიანებით, 
დაბურვილ  ბოსტან-ბაღჩებით
- ნესვებით,  მადლიანებით,
ტანჭრელი  საზამთროებით      დიდგულ-თაფლ-ვარდიანებით,
მწვანედ  აწვერილ  მწვანილით
-  მზით  ნაზარდ-ნაზიარებით,
ტურფად  მოვლილი  სახლკარით,
-  ნაგაზებ-ბრაზიანებით, 
ზვრებით  -  ლერწ-რქანაყარებით,
მტევნებშეთვალულ  შარებით...
ნაკაფ-ნაჩეხი  ტყეების  
ხელახლა  აშრიალებით
ატამ-ქლიავით  ნამშვენი
ბაღებით  ვაშლიანებით,
ჟოლოს  და  მაყვლის  კრეფაში
გართული  სოფლის  ქალებით,  
გასათხოვრებით,  დედებით
-  მოჩიტულ  ბავშვიანებით,
ბარდში  ჭახჭახით  შაშვების,
-  თვალმალხაზ  თვალცვრიანებით,
მზემობარჩხალე  ცარგვალით,
დილებით  ადრიანებით,
მწყერზე  გასული  კაცებით
-  ხირიმთა  დამგრიალებით,
მთებში  მგლისმუხლა  მადევრით
-  ტახების,  ჯაგრიანების,
ტყენი  -  კვლავ  უხვნი  ნადირით,
დამბუხუნ-დამღრიალებლით
-  ედემს  ემსგავსვის  მამული,
უფლის  მადლს  ნაზიარები,
შემოხრულ-შემოკვეცილის
ხელახლა  გამთლიანებით,
ქართულ  ოცნების  ახდენის  
საქვეყნოდ  გახმიანებით,
დავითის,  შოთას,  ილიას
დიდ  გულთა  ახმიანებით!

48...

შენც  გაიხარებ,  არწივო,
დაჭრილო  ერზე  ზმანებით,
მაშვრალო  ბრძოლა-წვალებით,
მამულზე  ფიქრთა  ტარებით,
კალმითა  დაუწერელის,
სიმძიმით  გამტიალებლის...

ყომრალ  ღამეთა  თენებით,
დღე  კალმით  დაღლილ  მკლავებით
მუხლჩაუხრელი  ხარებით  
თესვით  და  მომკით  ყანების,
და  ღამით  ისევ  კერასთან
შუქზე  ჭრაქ-ნავთიანების,
მამულზე  ჯავრით  და  წერით
ლექსების,  დარდიანების...
პოემათა  და  წერილთა,
ხურჯინით  საწიალებლით,
აღებულ  ორიოდ  გროშით,
ბალღთათვის  ნაზიარებლით,
მტრის  შეკურთხებით,  მომუშტვით
მუშტების  -  ბრაზიანებით...
თვალის  დაშრეტით,  სალმობით,
ვაჟკაცის  დამზიანებლით,
გადაქანცვით  და  ქოშინით
ფილტვების,  ავწყლიანების...
ბოლოს  გაღება  ყურთამდის  
თეთრ  ლაზარეთის  კარების...
სად  ყვავილ-ბალახთ  ნატვრაში
გლახ-გულის  გაჟრიალებით,
მათ  ჩამცხრალ  მკერდში  ჩამკრავი
გაცივებული  მკლავებით..

ყოველი  ახსოვთ  ღვთისდარო,
არ  ყრიან  ავზნიანები,
შენი  სახელი  ისევ  უხს,
მტრის  კვლავაც  დამზიანები!..

49...

აწ  დიდ-მცირეთაც  მივმართოთ,
ვინც  გვყვანან  საღზნიანები:
-  ვილოცოთ  საქართველოსთვის,
მისი  ცის  გამზიანებით,
რომ  კვლავ  მოშენდეთ  ქართველნი,
ჯიშიან-თვალმზიანები!..
მათთვის  სიცოცხლის  მიმცემნი
გვემრავლონ  ბალღიანები!
- ვიხაროთ  მდიდარ  სკასავით
-  ვაჟებით,  მკლავფხიანებით!..

ძალ  მოგვეცემის  მტრის  გულში
ხირიმის  დახრიალების,
რომ  შიშით  თრთოდნენ,  ვით  როსმე
ეგ  საფლავძაღლიანები!..

50...

ეგრემც  იქნების,  ღვთის  მადლმან,
ავდგებით,  კვლავ  მოვშენდებით...
სამშობლო-მიწის  გარშემო
კლდე-კედლად  ამოვშენდებით,
მსოფლიოს  პირველ  ქვეყნებში
წალკოტად  ამოვმშვენდებით,
ღვთიშს  მადლით,  ლოცვა-კურთხევით,
ცოდვათა  ჩვენთა  შენდობით...
-  ამაღლებს  რწმენას  უფლისას
ძლევაი  უიმედობის!

51...
და  ორი  სიტყვა  მსურს  კიდევ  ვთქვათ  
გულის  არდამზიანები,  
ისევ  იმ  ტანთხელ  იმერის
ღვაწის,  კაცობის  და  ნების
დანახვით  და  დაფასებით,
ბევრიც  რომ  ბაძავს  სხვა  ნებით...

ლოცვით,  რომ  კაცი  სხვაც  ბევრი
გვეზარდოს  უფლის  წყალობით,
მამულის  საღორძინებლად
დიდნებით  გარდუვალობის!!!

ბოლოთქმა

ასომთავრულით  წერილის
გაცისკროვნებულ  ბწკარებით
დაიწერება  ამბავი
წარსულის  დარ-ავდარების,
უკვდავიყოფა  სახელი
კაცის  -  ღვთივ  მონაბრძანების,
ტანთხელ-პირხმელი  იმერის,
ზრდილის, მწიკვლმიუკარების!..
ვინც  ავი  ნავსი  გატეხა,
ერს  არს  აუხილა  თვალები,
აუნთო  ცრემლთაწვიმებით
მინავლებული  ალები.
ზეააყენა  დუხჭირნიც...
სიყმილნაგემნიც,  მხდალებიც,
რომ  მზაკვართ  ერთპირ  ეუკრან
საძრომნიც,  გზასავალებით...

ერს  ვინც  გაუხსნა  გონება,
თავის  საჭურჭლის  კარებიც,
რომ  მოახმაროს  ალალლად
ქვეყანას  მოსახმარები...

და  ერმაც  ცნო  თვის  შემწედ
სიწრფელით  შესაყვარები,
ვინც  ჩამორეკა  სპათ  შეყრის  
მუწყებელი  ზარები!!!

ბოლო  მინაწერი

სხვა  რაღა  გითხრა  მაშვრალო,
დაგღალე  ჩემი  ბწკარებით...
დავკეცოთ  ესე  წერილი,
დავბეჭდოთ  შორს  მიმარები...
ოღონდაც  ზედ  დავახატოთ
იმედის  ნაპერწკალები:
-  მალე  დადგება  ლუხუმის
ლაშარს  შადგომის  დარები!!!

22. 11.  2011

No comments: