ლექსი ცოტაი


როცა  ცინცხალი  სიცოცხლის  მაცნედ
ურიცხვ  მერცხლებით  მოვლენ  მარტები,
ტანშიც  ნაცნობი  ცახცახი  გამცრის  -
კვლავ  უსაშველოდ  მომენატრები!..
დიდხანს  მიმშვენა  გაზაფხულმა 
ყოფა  იებით...
ბოლოს  -  ჭკნობათვე  ამიყვავა
რობაიებით...
გარეშე  გრძნობის  -
ვისაც  ლექსი  არ  უწერია,
არ  უწერია  მას  არც  ტრფობით
თრობა  -  იეფით!..







საგაზაფხულო    ეტიუდები

ნაცნობი
მუქარისა

იცრიცება  ჯანღის  რიდე
და  ფერდობთა  შემუქება...
გული  მიგრძნობს  -  ჩემს  სიმშვიდეს
გაზაფხული  ემუქრება...


მარადსასურველი
ქარისა


დასწაფებია
პაწაწინა  წანწკარა  წყარო
მზეს  -  მოყუდებულს
ბროლისყელა  ოქროს  ხელადით...
ნათელხილვათა  საუფლოდან
აძრულო  ქარო  -
კვლავ  ნათლის  ზღვაში  ანებივრე
სივრცე  ყელამდი!!!


ნაგვიანევი
სინანულისა


ნორჩი  მარტის  მიყვარს  ცქერა,
ყველა  რტოს  რომ  კვირტებს  უშლის...
დღეს  თვალს  ვერ  ვუსწორებ  ჭერამს  -
ტოტი  მოვატეხე  გუშინ..




სამაისო
კონცერტებისა

            ჩემი  ეზოს  შაშვებს

რა  ბილეთი  ან
მოსაწვევი  მინდა  ბარათი  -
ზედ  აივანთან
მიმართავენ  კონცერტს  შაშვები!...
-  შავჩოხოსნებო,
აქ  იმღეროთ  უნდა  მარადის!..
დედაც  ვატირე
გასტროლებზე  თქვენი  გამშვების!!!




მზისმონატრული
ატმის
კვირტებისა



კვლავ  ცივად
წვიმა  ცრის  გუშინდელი.
კვლავ  მზეს  ელიან  ატმის  კვირტები...
სუყველა  კვირტში  ზის  გულწითელა
და  უცახცახებს  პაწაწა  ფრთები...



ჩემი  ეზოს  ალვების
ერთი  დღისა  და
ერთი  ღამისა

 

ორი  ესკიზი


1.  უქარო  ღამისა

ჟრჟოლა  დაუვლით  ალვებს  წამისად,
კვლავ  მიუსაფრად  დარჩენილთ  გარეთ...
კენწეროებზე
შუაღამისას
მთვარეულივით
გაივლის
მთვარე...



2.  ქარიანი  დღისა

დაიცხრობს  როცა
უკეთურ  სურვილს
ქარი
და  ნება  იზევებს  ნათლის  -
მზე
კენწეროებს
გადუვლის  ზრუნვით
და  გადარჩენილ
ალვებს  გადათვლის...




მოულოდნელად
ლამაზი
დღისა


ათასში  ერთხელ  -
სულ  უმიზეზოდ!..
- ისე  ლამაზი  დღე  გათენდება,
თითქოს  საფლავზე  ამოენთო
ცისკრის  ყვავილი...


ნამეტნავად
ფხიზელი
დილისა  ანუ 

  ნაბახუსევი  ექსპრომტი მეგობრებს


არსად  ჩანს  ღრუბლის
იორი  ფთილაც,
გრილი  ნიავიც
ფრთებს  ფრთხილად  კეცავს...
-  ისე  ფხიზელი  გათენდა  დილა,
-  სირცხვილისაგან
გაწითლდა
ზეცა...



ზეზეურად
გამხმარი
ხისა


ნაგვემს
გასული  ზაფხულის  გვალვის -
ზამთრის  ქარებმა  უხმეს  რტოები...
აწ  -  მისი  ფიჩხის  ბრიალა  ალით
თითებს  ითბობენ  უღმერთოები...


ზაფხულის
ეტიუდებიდან
************************


ცხინვარე  ცისა

გალეულ
ღელეს
მისდევს
მწყურვალი
და  გათანგული
სიცხით
ნახირი...
თითქოს  შიშხინებს
ცის  სიმხურვალით
მზეც  -
კვერცხის  გული  -
კეცზე  დახლილი...


მწყურვალი
ყანისა



ოხშივარი  ასდით  ფიჭვებს  -
განწირულებს  სანაფოტედ...
ცხელ  ცას  შეკრული  აქვს  კრიჭა
და  მწყურვალი  ყანა  ჰგოდებს...




მზესუმზირების
უზრუნველობისა



როდესაც  ცაში  მუმლი  ირევა,
ვით  უბადრუკი  სული  ჭაობის,
ვუმზერ  -
მზისგულზე
მზესუმზირები
რა  უზრუნველად
ყელყელაობენ!..





ალიტერაციული
ფანტაზია


ბეკეკებმა  კიკინით
კორდი  მოიკუნტრუშეს,
კობჩხილები  გაბეკნეს,
გადაკიკნეს  კენკრები.
კბილი  გაკრეს  კუნელს  და
ეკლნარ-კურკანტელებში
კაფანდარა  კანჭები
დაიკაწრეს  ეკლებით...



კოლხური
ღამის
ფანტაზია


/ ციური  ალიტერაცია/


ტატნობს
სურა  მერწყულის
შეანარცხა...  მერე  რა!..
ცეტად,
ცის  სამერცხლურით
იცქირება
ცერერა...


შემოდგომის  ეტიუდებიდან
**********************************************


ხნიერი
მსხლის
გახსენებისა


ხშირი  მორევია  ხავსი,
გუნდიც  შესევია  ფითრის...
დგას  ხე
-  მწუხარების  მსგავსი
და  მზე
მეჩხერ  ფოთლებს  ითვლის...



წვიმის
მოლოდინისა


ცა
მაღალ  მთებზე
ჩამოფხატული,
ლამის  გადაჰყვეს
ღრუბლის  სიმძიმეს...
მოწყენა...
ალბათ
ჩამოჰყვა
დუმილს...
ისევ  იწვიმებს...




შემოდგომური
ფერებისა

დონედ  ორთქლდება
დუმილი  ტბორის
და  გარინდული  ცივად  ცის  სარკე
ხარბად  აგროვებს
და  დაბინდული
წიაღისაკენ
მიერეკება
ასე  უმწეოდ
და  საყვარლად  ნაღვლიან  ფერებს...
ფერებს  -
რომელთა  იავარქმნაც
მტკიოდა  მუდამ...




ნოემბრის
ქარისა


შფოთავს  და  წვალობს
და  სულ  ამაოდ
ცდილობს  გახვევას
ჭრელ,
გაცვეთილ  და
გახუნებულ
ფოთლების  ქურქში
ჟინდამცხრალი  და  შეცივნული
ნოემბრის  ქარი...
-  მეჩხერ  ფოთლებში
ნემსებივით  ატანს  სიცივე...




ზამთრის  ეტიუდებიდან
***************************************




ორი  -
სიყრმისდროინდელი

1. ზამთრისპირის
      ღამისა


შეცივნული  ქარი  შფოთავს -
ხეებს  ბოლო  ფოთლებს  აცლის...
ღამე  ცივად  გაიშოტა -
ზამთრის  სიახლოვის  მაცნე...

ჰყინავს,  მაგრამ  მთებს  არ  სცივათ,
თითქოს  მთვარე  ემზეურათ...
ბებერ  ჭადარს  ქერქი  სცვივა -
ქარი  ჰკორტნის  ზეზეურად...             

1964  წ.



2.    ზამთრის
        გათოშილი
        მოლოდინისა


გაფითრებულან  ბთები  სიცივით,
მაგრამ...
ლოდინი  უფრო  ძნელია...
მაინც  ელიან...  –
არავინ  იცის
ასე  როდიდან  დგანან,
ელიან...

გადამთიელი  ცივი  ქარები
გათოშილ  ტოტებს  ალაწუნებენ...          .
ელიან...
დგანან...
და  კანკალებენ
ალვები,
ყინვით  ალანძულები...

  1964  წ.


ცისარტყელას
მონატრებისა

                   
ლალი  აბშილავას

ჩემს  ნატვრის  ხეს  -
ოლეს,  ვერანს,
ხედავ,
ჟამი  ვით  ბელავს...
ქარმა  ზამთრის  რაც  დაჰბერა,
გულიც  ვერ  გავითბე  რა...
- მომენატრა  ცისარტყელა,
შვიდმშვილდა  და  შვიდფერა!..





წიგნიდან  ,,  ფიქრთაცვენა ’’  
პირველი  დღისა და
პირველიკითხვისა

უსწორფეროა  დღე  პირველი
ამ  ცისქვეშეთში
სტუმრობის  ჩვენის  - შემოქმედის  იდუმალ  ნებით... რომელი  ციდან
რისთვის, ანდა
რა  გზით
ვეშვებით
იქ  -  სადაც  ღვთის  ძეც  ვერ  აშორდა
საშინელ  ვნებას?!..



ჩემივე ორეულთან
გულახდილი
საუბრის
ამაო მცდელობისა


,,
მე  ჩემი  მიჭირსმას  -  მისი  და  ყველას  -  თავისი... ერთურთის  ჭირი რად  გვიჭირსრომ  გავითავისოთ?!.
ამის  სათქმელად
ორეული  გვერდზე  დავისვი... არც  მომისმინა... და  თვალები  ცრემლმა  ამივსო...


ორი  ვარიაცია  დუმილის  თემაზე

1.
ამ  სიჩუმეში
უნდა  ვიფიქროთ - დუმილითვე  ვისაუბროთ  თავად  დუმილზე, რომელსაც  სიტყვის  ულმობელ  ტყვიას
იდუმალებით  მოსილ  შუბლში
ვერ  დავუმიზნებ...

2.
იმდენხანს  ვდუმდი  - დაგავიწყდი  კიდეც  მეგონა... მოურჩენელის  ჰქონდა  დუმილს
ფერი  ჭრილობის... რამდენიც  ვცადე  ეჭვის  ხვრელი  ამომექოლა, იმდენჯერ  გავხდი
მსხვერპლი
ხსოვნის  ხელგაშლილობის...


ალიტერაციული
იუმორესკა- ფანტაზია

ცა  როცა  მიწას  მიეცისფერა
( - 
მიწა  ხომ  ფერებს  ციურს  იფერებს!.. ), ეშმა  ისმენდა, როგორც  სიმღერას, ცბიერულ  სიცილს
ლიუციფერის...


ერთფეროვნებისგან
გაბეზრებულისა

დამღალა  ხმაურმა, უაზროდ  მარტივმა... უნდა  გავერიდო
ქალაქს, ერთფეროვანს!.. წუხელაც
ზღვა  ურვამ
ლამის  ამატირა... დღეს  ამის  გამოა
ასეთ  ფერზე  რო  ვარ...
ობოლი  სხივისა

...
როცა  ის  სხივიც  ჩაქრა  ობოლი  - თვალი  მილულა  ბოლო  სანთელმაც...
მწარე  ყოფილავიგრძენროგორი, წყვდიადისაგან  ნათლის  გათელვა...

სიყრმის  მეგობრებს

გვარგუნა  ბედმა  გლეჯა  გულების
ამ  წლეით  -  მგლურებრ  შეჯაგრულებით!.. ჯერ  ვერ  დავწურე  ჩემი  ძველშავის
მტევნები  -  შავად  შეჯაგნულები... ვეღარც  დავლაშქრე  ის  მწვერვალები - ბროლ-მყინვარებით  შეჩაჩქნულები... და  უკვე  -  ჩემი  სამარის  კარის
ურდულს  ბეჩავად  ვეჯაჯგურები...


პატარა  თამარის
დაბადების
სიხარულისა

ღმერთმა  ამ  დღესაც  რაკი  მომასწრო, ეს  ღვთისწყალობაც  რაკი  მეღირსა, აწ  სული  ტანჯვით  რომც  ამომაძროს, დასტურ  -  გამღებიც  არ  ვარ  მე  ხმისა!..