11/22/10

დაკარგული ნაპირისა







-  ოპტიმინტური  ორატორია  -

ეძღვნება  საქართველოს  მოღალატეებს


-  თუ  ერთი  სიტყვა  ეკუთვნის  ჭყონდიდს,
მაშინ  მეც  ვეტყვი  სიტყვას,  ჩემს  სათქმელს,
ქვეყანას  -  სავსეს  ათასი  ცოდვით!..
-  იქნებ  საშველი  გამოჩნდეს  სადმე!..

თუ  ერთი  სიტყვა  ეკუთვნის  ჭყონდიდს
და  სიტყვა  ესე  ღირსარს  მოსმენად,
მეც  ვიტყვი  რასმე  -  თუნდ  მეყოს  ცოდვილს
პურად,  ღვინოდ  და  შესამოსელად!..

-  მოსჩქეფს  მთებიდან  ენგური  ოდით
და  გადასძახის  ტეხურს,  ცხენისწყალს:
-  მოდის    ( და  მოვალს !..)  განკითხვად  ცოდვის
ზეციერი  და  მალე  შერისხავს

ყველას  -  ვინც  წმინდას  უმუხთლა  ანდერძს,
დედულ-მამული  ვინაც  გაწირა!..
არცა  თუ  გვიან,  არცა  თუ  ადრე,
მისგან  მიეზღვის  ყველას  ასწილად,

ვინც  წინაპართა  სული  შებილწა,
ვინც  ფეხი  ჩადგა  მოძმეთა  სისხლში...
-  ყოველ  წამს,  ყოველ  წუთს  და  წელიწადს
ის  უნდა  ძრწოდეს  ღვთისრისხვის  შიშით!..

და  ცხენისწყალიც  გასძახის  რიონს,
რიონი  -  არაგვს,  მტკვარი  -  ალაზანს:
-  რომ  შინაგამცემთ  შორს  არა  სდიონ,
ყოველგნით  ყველა  კარი  ჩარაზონ !..

რომ  ვინც  შებღალა  ტაძართა  ჯვრებიც,
ვის  გამოც  ერი  ძაძებში  გმინავს...
წარსდგეს  წინაშე  განგების  ნების,
ისე  ვით  ადრე,  ისე  ვით  წინათ!..

და  თუ  რამ  სიტყვა  ეკუთვნის  მარტვილს
( სად  ღვთისნაცვალი  ქურუმად  იდგა!..) ,
იტყვის,  რომ  ღმერთი  ამზადებს  მათთვის
ახალ  ბასიანს  და  ახალ  დიდგორს!..

-  ერი,  დიდ  ბრძოლად  აღიძვრის  ოდეს,
მათრახდაუკრავ  ულაყებს  ხედნის!..
-  თაფლშეუმშრალი  მოილტვის  ცოტნეც
წმინდა  გიორგის  ურიცხვი  მხედრით!..

ვით  დავთმოთ  -  რასაც  მამული  ჰქვია
და  რასაც  ვერცროს  ვერ  ვიმეტებდით?!.
ვერ  დამთავრდება  მეფეთა  სიაც
მეფე  გიორგი  მეთორმეტეთი!..

ათასწლეულთა  ხანძრებში  მოდის
და  თალხშიც  კვლავაც  ოქროსფერს  აქსოვს
და  შიშიც  არცროს  ჰქონია  ჭყონდიდს,
რადგან  გიორგი  ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე ც  ახსოვს!!!

სისხლს  კვლავ  გვიდუღებს  ყივილი  რისხვის,
რომ  კვლავაც  ვრჩებით  მტრისად  ურჩებად!..
-ახლო  არს  იგი  ჟამიც  განკითხვის
და  მას  თვით  ეშმაც  ვერ  გადურჩება!!!

ვერას  უშველის  მაღალი  ღმერთიც,
მას,  ვისაც  ცოდვის  შეჰყრია  კეთრი
და  სამარცხვინო  რგებია  ხვედრი  -
მეზობლის  მამლის  ნაჩინჩლი  დედლის!..

სატანაც  ვეღარ  წარუვა  სასჯელს,
როს  შურისგება  რისხვისგან  ბორგავს
და  თვალს  მტერმოყვრის  გარჩევას  აჩვევს,
თუმც  დღემდის  თმენის  ბორკილი  ბორკავს!..

და  დღემდის  ითმენს  ენგურიც  ბორკილს
და  სიმწრით  გასცქერს  დაკარგულ  ნაპირს,
ვიდრემდის  თმენის  დალპება  თოკი...
ვიდრემდის  თმენის  გაწყდება  ძაფიც!..

და  კვლავ  გასძახის  ცხენისწყალს,  რიონს,
მტკვარსა  და  არაგვს,  იორს,  ალაზანს:
-  რომ  ქვეგამხედვართ  შორს  არვინ  სდიოს,
ყველა  საძრომი  მათი  ჩარაზონ!..

რომ  გლოვის  თალხი  დაეხსნას  მარტვილს,
ჯვარს,  სვეტიცხოველს,  სიონს,  ალავერდს!!!
რომ  მოდგეს  ჟამი    მ ა რ ა დ ი    ნ ა ტ ვ რ ი ს
ა ხ დ ე ნ ი ს  -  არა  წამით,  არამედ:

ს ა მ რ ა დ ჟ ა მ ო დ !!!
-  რათა  გაბრწყინდეს
მარადისობა  კოლხის,  იბერის!..
რომ  სიხარულის  ცრემლი  აწვიმდეს
და  ხმა  უკვდავი  -  უკვდავ  სიმღერის

კვლავ  ცას  უწვდინოს  ქართლმა,  კოლხეთმა
და  ცით  კვლავ  სვეტი  დაადგეთ  ნათლის,
რომ  ვერ  გაბედონ  უკან  მოხედვაც
მზაკვრებმა  -  რადგან  ახლოა  მათთვის

ჟამი  მსახვრალი  და  უცაბედი,
წყეულთ  რომ  ელდად  გადუვლით  გულზე,
რომ  ამიერით  ვერვინ  გაბედოს,
ის,  რასაც  ღმერთი  ცით  დღემდის  უმზერს!!!

და  რომ  გულმოკლულს  ღალატით,  შურით,
კვლავ  მოუთბილოს  მზემ  ცხუმს  და  ჭყონდიდს!..
რომ  მარბეველნი  ათასი  ჯურის,
ზურგით  მტვირთველნი  ათასი  ცოდვის  -

აწ  განიკითხნონ  სამართლით  ღვთისით
და  განისაჯონ  განგებით  უფლის,
რომ  ცად  მზემ  ისევ  იზეოს  დღისით
და  თუთარჩელაც  -  ვარსკვლავთა  სუფრის

კვლავ  იმ  თამადად  დაბრძანდეს  ღამით,
ვინც  ციურ  ნადიმს  კვლავ  ნათელს  მოჰფენს
და  მოუფონებს  -  ცოდვისგან  ლამის
საჯოჯოხეთოდ  გაწირულ  სოფელს!!!

და  ერთი  სიტყვა  თუ  ეთქმის  ჭყონდიდს,
ე,  მაშინ  იტყვის  და  დასტურ,  იტყვის!!!
და  ერიც  რწმენით  დაუცდის  დრომდის
ერთ  მართალ  პასუხს  ათასი  კითხვის!..

                            2001  წ.  ქ.  შ.

No comments: