11/9/10

შეხვედრა ბავშვობასთან








რა  უჩვეულო  ფერი  გამოჰყვა
ამ  გაზაფხულზე  ცხენისწყლის  ჭალებს!..
-  ზემოთ  თუ  ქვემოთ,
გაღმა,  გამოღმა,
მირიად  ტონში  მღეროდა  მწვანე...

რა  იყო  მაინც,
ენა  ვერ  იტყვის...
ამ  საოცრებას  ან  რა  ბადებდა...
-  მოაპრილე
ცის
ადგა
ცხენისწყლის
ჭალებს
ნათელი
შარავანდედად!..

ვით  ამოსული  მზეზე
ორმოდან,
ამ  ნათელხილვას  თვალებს  ვაჩვევდი,
თვალი  რომ  ვჰკიდე
(-  როგორ  მორბოდა!..)
ხარისთვალებით  ტერფებდაჩხვლეტილს...

არა,  არ  იყო  ეს  მოლანდება
და  ასეთ  წამებს  ღმერთიმც  ჰფარავდეს!..
-  ათასში  ერთხელ  ამონათლდება
წუთი  ასეთი  კუბოს  კარამდე...

გაოფლილ  ბეჭებს  მზე  უმშრალებდა,
ქარივით  ქროლვის  საღერღელაშლილს
და  მისი  მზერაც
მზის  მხურვალებად
ენთო  აპრილის  დიდ  სიმღერაში...

(ცას  დაკაწრული  მკერდი  უთრთოდა
რკინის  ფრინველის  გასმული  ბჭყალით...
ძირს  კი  უნაღვლო  სტვენით  ირთობდა
თავს  ნიავქარი  ცხენისწყლის  ჭალის...

თუმც  ვინ  ეტყოდა  მაშინ  ბოგანოს,
თუ  რა  ღადარი  ჩემში  გაღვივდა?!.
ან  გული  ასე  რად  მიბორგავდა,
ან  ტანზე  ეკლებს  რისგან  მაყრიდა...).

ფეხშიშველი  და  თანგარუჯული,
მორბოდა  ფართოდ  თვალგახელილი...
გულდაკაწრული  ცა  კი  უჩუმრად
ეფერებოდა  დედის  ხელივით...

მუხლმოუღლელს  და  ნათლისფრთებიანს
უმღერდა  თურმე  ეს  მზიანეთი!..
-  ო,  რა  გიჟურად  მოგვნატრებია,
ჩემო  ბიჭუნავ,  ჩვენ  ერთმანეთი?!.

ამ  ველ-მინდვრების  პირმშოვ  ალალო,
ცრემლო  ამ  ჭალის  დაღლილ  ძეწნების,
რად  მივსდევთ  ერთურთს,
თუ,  სავალალოდ,
მაინც  ვერასდროს  ვერ  დავეწევით?!.

შენს  მზის  უღელში  გაყოფილ  კისერს
ეფინოს  უფლის  მზერა  კეთილი,
რომ  ამ  ჭალებში  დარბიხარ  ისევ,
ხარისთვალებით  ტერფდაჩხვლეტილი!..

1976

No comments: