10/30/10

კარგია! ისე კარგია...

კარგია!
ისე  კარგია,
ცრემლი  რომ  ყელთან  გეფსკვნება!..
გულზეც  ეს  ცრემლი  მაყრია
ვარსკვლავებად  და  ლექსებად!..

კარგია!
ისე  კარგია!
მიმოვალ  ისე  ამაყად!..
ვერც  ჯავრს  ავყვები  ჟანგიანს,
ვერ  მჭმუნვარება  გამლახავს!..

არავითარი  სტუმარი! - 
ვარ  მცველიცა  და  პატრონიც
ამ  მიწა-წყლის  და  ჭურმარნის,
ამ  ზვრებისა  და  ამ  თონის!..

გული  არწივებრ  მიმოდის,
სისხლი  მიჩქეფს  და  მემატვის!..
თურმე  რა  ტყვილად  მტიროდი
და მიცოდებდი  მე  მარტვილს!..

კარგია!
ისე  კარგია,
სიტყვა  არ  მყოფნის  სათქმელად! - 
რაც  ღამის  კარი  ვამტვრიე,
სულ  ცისკრად  შემომათენა!..

კარგია!
რაც  რომ  ვეძიე,
სულ  მზე  და  მთვარედ  დამნათის!.. - 
თავისუფლებას  ვეწიე,
ჭეშმარიტსა  და  მარადისს!..

კარგია!
რა  ნანატრია!  -
ლექსიც  წყაროდ  და  ღვარად  დის!..
ციერო  -  შენი  მადლია,
მიუწვდომლის  და  მარადის!..

კარგია!
ო,  რა  კარგია
ფრენა  ვარდისფერ  ღრუბლებით,
როცა  სიდინჯე  გაკლია
და  უფალს  ესაუბრები!..

კარგია,
როცა  დაჰქრიან
ცად  უტურფესი  მუზები!
რომ  მიღალატონ? - რას  ჰქვია! - 
ჩიტივით  მოვიბუზები!..

კარგია  -
უღალატობა მუზის,  დობილის,  ძმობილის!
შენ  კი  ამ  გულის  მნათობო,
გამაოგნები  პროფილით,

სიცოცხლე  ჩემი  გეძღვნება,
როგორც  ალალი  ექსპრომტი!..
ყელთან  რომ  ცრემლი  გეფსკვნება,
ამოგიშრება  ვერც-როდის!..

კარგია,
რეკავს  როს  ზარი
და  გწამს  -  ცად  დაევანები!
ვინ  იცის,  რა  საოცარი
მოგველის  პაემანები!!!













No comments: